ჯერ იყო მიუნხენის სიტყვა, შემდეგ საქართველო და მოსახლეობამ ამ პოლიტიკას მხარი დაუჭირა – ვენედიქტოვი

02-12-2022 15:49:10 კომენტარი

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ისტორიკოსი ალექსეი ვენედიქტოვი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება მოსკოვში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უცხოეთის აგენტადაა გამოცხადებული, მიიჩნევს, რომ ჯერ საქართველოზე, ხოლო შემდეგ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი იყო ვლადიმირ პუტინის მიერ 2007 წელს მიუნხენში, საერთაშორისო უსაფრთხოების 43–ე კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვის შემდეგ. ამ ღონისძიებაზე პუტინმა დასავლეთი ხისტად გააკრიტიკა, განსაკუთრებით, აშშ–ს ბრალი დასდო უსაფრთხოებისთვის ხელის შეშლაში და ფაქტობრივად, გამალებული შეიარაღების დაწყების შესახებ გამოაცხადა. კიდევ უფრო მანამდე – 2005 წელს პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას „გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, თუმცა მაშინ მისი ეს სიტყვები ბევრმა არასერიოზულად აღიქვა, განსხვავებით ამჟამინდელი მოცემულობისგან.

„ვლადიმირ პუტნის მიუნხენის სიტყვა პირველი საჯარო განცხადება იყო ახალი პოლიტიკის შესახებ. მე იქ ვიყავი და ვნახე, როგორ აღელდა პარტერი, რადგან მათ გაიგეს, რომ ეს ხუმრობა არ იყო. ხოლო მომდევნო წელს მოხდა საქართველო. ანუ ჯერ იყო ეს თეორიული ისტორია, ხოლო შემდეგ საქართველო და არაფერი, საერთოდ არაფერი [რეაგირება არ მოჰყოლია – რედ.]... მაშინ პუტინი პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ იყო მისი გუნდი. შემდეგ უკვე ყველაფერი გასაგები და მკაფიო იყო: ეს არის შიდა გაგება, თუ რა არის სამართლიანობა და სწორი. ეს მათი გადაწყვეტილებაა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ პოლიტიკას მხარი დაუჭირა. ვგულისხმობ, რომ საქართველოს თემას [2008 წლის ომს– რედ.] მხარი დაუჭირა, მხარი დაუჭირა ყირიმის საკითხს [ანექსიას – რედ.] და ამ საბაზისო ფუნდამენტზე დაყრდნობით, პუტინი კიდევ უფრო შორს წავიდა. ამდენად, ვიმეორებ, სამხედრო შეტაკება დაიწყო 2008 წელს. ეს გარდაუვალი იყო“,– განაცხადა ვენედიქროვმა.

მისი ხედვით, დღეს უკვე მკაფიოა, რომ რუსულმა არმიამ სირია რეალურად საწვრთნელ მოედანად გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადების კონტექსტში:

„ეს ახლა გვესმის, მაგრამ მაშინ არ გვესმოდა, რომ სამხედრო ოპერაცია სირიაში სინამდვილეში ოპერაცია არ იყო: ეს იყო საწვრთნელი მოედანი არმიის მოსამზადებლად უკრაინაზე შეტევისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსი გენერლები ომის პირველ ეტაპზე, იქცეოდნენ ისე, როგორც სირიაში. ისინი სირიაში წააწყდნენ ნახევრად პარტიზანულ დანაყოფებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ავიაცია, არტილერია. და ჩვენი გენერლები ემზადებოდნენ ასეთი ნახევრად პარტიზანულ დანაყოფებთან საბრძოლველად – ტერიტორიული თავდაცვა. ანუ ეს გათვალეს და ემზადებოდენ და არა მხოლოდ სუროვიკინი, მთელი გუნდი. რაც ცხადია, შეცდომა იყო. სირიის გამოცდილება, ისევე როგორც ავღანეთის და ჩეჩნეთის ომები, ეს არის ბრძოლა არარეგურალურ არმიასთან. ამდენად, გადაწყვეტილება არასწორი იყო, მაგრამ ახლა გვესმის, რომ სირიის კამპანია არ ყოფილა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის ბრძოლა და ასადის მხარდაჭერა, არამედ, მათ შორის, პირადი შემადგენლობის წვრთნა. ეს არის მთელი ისტორია, ეს მზადდებოდა დიდი ხნით ადრე, ამიტომ, მისი შეჩერება რამდენიმე ნაბიჯით, მით უფრო, თუ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, შეუძლებელი იყო“.

ის საკუთარ პასუხისმგებლობად თვლის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ჟურნალისტი, ყურადღებას ძირითადად კორუფციულ საკითხებს უთმობდა და არა გამალებულ მილიტარიზაციას.

ის თვლის, რომ ომი რუსეთმა ჯერ კიდევ 24 თებერვალს წააგო, როდესაც შეიჭრა უკრაინაში და მის მწვავე შედეგებს – ეკონომიკურს, ადამიანურს, რეპუტაციულს – მრავალი წლის განმავლობაში მოიმკის. ამასთან, ამბობს, რომ ეს რესურსების ომია და აქ მთავარი რესურსი დროა:

„ვხედავთ უზარმაზარ დანაკარგებს ორივე მხრიდან; ვხედავთ, რაოდენ საშინელ ზეწოლას განიცდის უკრაინის ეკონომიკა, რუსეთისაზე არაფერს ვამბობს; მიმდინარეობს უკრაინის ნგრევა ჩემი ქვეყნის მიერ, მაგრამ ეს რუსეთის ნგრევაცაა. ეს რესურსების ომია. მთავარი რესურსი დროა. და მთავარი კითხვაა, ვინ მოიგებს „რბოლას“, თვალს პირველი რომელი „დაახამხამებს“. უკრაინის რესურსებს ავსებენ დასავლელი პარტნიორები, ხოლო რუსეთის რესურსი 23 მილიონი რეზერვისტია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები