WP: იციკ მოშეს და ჯონ ბოლტონის მკვლელობები ერთმა და იმავე ირანელმა შეუკვეთა

02-12-2022 15:52:32 სამართალი

ამერიკული გამოცემა "The Washington Post" ვრცელ სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, როგორ გაააქტიურა ირანის მთავრობამ ძალისხმევა მთელს მსოფლიოში ჩინოსნების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების გატაცება-მკვლელობის მიმართულებით.

მასალის მზადებისას გამოცემის ჟურნალისტები ვაშინგტონში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ანონიმურობის დაცვის პირობით 15 ოფიციალურ პირს ესაუბრნენ.

"ირანის მხრიდან შეთქმულებების, გატაცებებისა და მკვლელობების რაოდენობის ზრდამ დასავლელი ჩინოსნები შეაშფოთა" - წერს გამოცემა.

სტატიაში, მათ შორის, ნათქვამია, რომ "რევოლუციის გუშაგთა ელიტური ირანული კორპუსის წევრმა შახრან პურსაფიმ აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯონ ბოლტონის მკვლელობის ორგანიზება განახორციელა და გეგმის რეალიზებას აგვისტოში გეგმავდა, მის მიზანს კი წარმოადგენდა შურისძიება 2020 წლის იანვარში ამერიკული უპილოტოს შეტევის შედეგად "რევოლუციის გუშაგთა ელიტური ირანული კორპუსის" წევრი ქასემ სულეიმანის მკვლელობის გამო".

The Washington Post-ის მტკიცებით, პურსაფის მიერვე იყო გასულ წელს დაგეგმილი საქართველოში ქართულ-ებრაული ბიზნეს-პალატის პრეზიდენტ იციკ მოშეს მკვლელობაც, რომელიც, საბედნიეროდ, ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოცემა "The Jerusalem Post"-იც წერდა. 15 ნოემბერს კი ამასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმაც გაავრცელა.

News

Other news