02-12-2022 18:54:57 კავკასია
ირანთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში) ქვეყნის სახელის "ჩრდილოეთ აზერბაიჯანით" შეცვლის ინიციატივამ გაიჟღერა.
"ვთვლი, რომ აუცილებელია, შევიმუშავოთ ახალი კონსტიტუცია და პირველ რიგში, ქვეყანას სახელი შევუცვალოთ. მას ჩრდილოეთ აზერბაიჯანი უნდა ერქვას. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ 200 წლის წინ აზერბაიჯანული მიწები ოკუპირებულ იქნა ირანის რეჟიმის მიერ. როგორც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა არსებობს, ჩვენც ასე უნდა ვიყოთ. 200 წლის წინ აზერბაიჯანი გაყოფილ იქნა ორ იმპერიას შორის. მსგავსი ნაბიჯი სტიმული იქნება სამხრეთ აზერბაიჯანელებისთვისაც", – განაცხადა დეპუტატმა გუდრატ გასანგულიევმა.
მის ინიციატივას პოლიტიკოსებში, საექსპერტო წრეებსა და სოცქსელებში ფართო რეზონანსი მოჰყვა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი ადრეც არაერთგზის დამდგარა დღის წესრიგში, როცა აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები იძაბებოდა.
მანამდე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის მისამართით მკვეთრი განცხადება გააკეთა. "ირანის სამ ყოფილ პრეზიდენტთან მიმუშავია - ჰათამისთან, აჰმადინეჯადსა და რუჰანისთან. ამდენი წლის განმავლობაში არ მახსენდება, ამჟამინდელის მსგავსი სიტუაცია შექმნილიყოს. ირანს არასოდეს ჩაუტარებია ჩვენს საზღვრებთან ამ სიხშირით წვრთნები და არასოდეს გაკეთებულა აზერბაიჯანის მიმართ მუქარითა და ზიზღით სავსე ამდენი განცხადება. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ცხოვრების წესის, აზერბაიჯანის განვითარების სეკულარული ვექტორისა და აზერბაიჯანელების დასაცავად, მათ შორის - ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების. ისინი ჩვენი ერის ნაწილია" - განაცხადა ალიევმა.
10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის ელჩი ირანის საგარეო უწყებაში დაიბარეს "აზერბაიჯანულ მედიაში ანტიირანული პუბლიკაციების" გამო, 13 ნოემბერს კი ალიევის "პროვოკაციულ განცხადებებზე" ირანელმა დეპუტატებმა მოახდინეს რეაგირება. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა: "აზერბაიჯანი ირანს გამოეყო და თუ მიერთებაზეა საუბარი, მაშინ ნახჭევანი ირანს უნდა მიუერთდესო".