„მთავარი არხი“ პროფესორ დევიდ სმიტის დასკვნას აქვეყნებს: "სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა"

02-12-2022 22:50:52 პოლიტიკა ,სამართალი

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით, რომელსაც ხელს პროფესორი დევიდ სმიტი აწერს, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა, - ამის შესახებ, „მთავარი არხის" ცნობით, ნათქვამია პროფესორ დევიდ სმიტის დასკვნაში.

„გამოკვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში. ეს ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის შედეგად“, - აღნიშნულია დასკვნაში.

როგორც პროფესორი დევიდ სმიტი აღნიშნავს, აღებულ ნიმუშებში ტოქსიკური აგენტები მოხვედრილია სააკაშვილის ციხეში მოთავსების შემდეგ.

„ჩემი ექსპერტული მოსაზრებით და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, მიმაჩნია, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ აგენტების ორგანიზმში მოხვედრა სამედიცინო მკურნალობის შედეგად. ჩემი ექსპერტული მოსაზრებით, ბევრი პათოლოგიური სიმპტომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოვლენილი, მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირდება. ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, აღებულ ნიმუშებში ტოქსიკური აგენტები მოხვედრილია სააკაშვილის ციხეთა სისტემაში მოთავსების შემდეგ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გავრცელებულ დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი პრეპარატის დიდი რაოდენობით დოზირებამ თავის ტვინის დისფუნქცია გამოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები