
ჩეჩენი ოპოზიციონერები აბდურახმანოვის მკვლელობას ადასტურებენ
05/12/2022 08:59:05 კავკასია
ტელეგრამის არხი 1ADAT, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერები მართავენ, ადასტურებს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის მოკვლის შესახებ მანამდე გავრცელებულ ცნობებს.
“როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს მომხდარის დადასტურება, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები სიმართლე აღმოჩნდა”, — იუწყება 1ADAT საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ მტკიცებულებებს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ვერ გამოაქვეყნებს.
ტელეგრამის არხი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეა, გამოძიებას აწარმოებს ბლოგერის მკვლელობის გარემოებებზე და ამ ეტაპზე “მისი დაღუპვის დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია” აქვს.
„ტუმსოს ადამიანთა ჯგუფმა ღამით ესროლა და ამ წუთებში მკვლელობის დეტალებს იძიებენ“,– აღნიშნავენ აქტივისტები.
იუწყებიან, რომ მკვლელობა ღამით, 1–2 დეკემბერს მოხდა.
რაც შეეხება მის ძმას, რომელთანაც კავშირზე გასვლა ასევე ვერ ხერხდებოდა, 1ADAT აღნიშნავს, რომ ის სპეცსამსახურებმა „გადამალეს“.
ტუმსო აბდურახმანოვი და მისი ძმა – უფლებადამცველი მუჰამედ აბდურახმანოვი რომ კონტაქტურები არ იყვნენ, 2 დეკემბერს გახდა ცნობილი. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია ბლოგერის მკვლელობის შესახებ.
ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობა 2020 წლის თებერვალში, შვედეთში, საკუთარ ბინაში სცადეს. ბლოგერმა თავდამსხმელის განიარაღება შეძლო და პოლიცია გამოიძახა. საქმეზე განაჩენი 2021 წლის იანვარში იქნა გამოტანილი. მსჯავრდებულები რუსეთის მოქალაქეები არიან. დანაშაულის დამკვეთები არ დაუდგენიათ, თუმცა პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „კვალი გროზნოზე მიუთითებს“.
ტუმსო აბდურახმანოვზე თავდასხმის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, გერმანიაში მისი ძმის – მუჰამედის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს. უფლებადამცველის თქმით, მისი მკვლელობის ორგანიზება პარუდი ედელგერიევს დაევალა, რომელიც, როგორც ამბობენ, რამზან კადიროვის ბიძაშვილია.
აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი კადიროვის გარემოცვასთან დაპირისპირების შემდეგ, 2015 წელს დატოვა. მან თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ ევროპაში გაემგზავრა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021