Accentnews.ge
პრორუსული უკრაინის კრახი: როგორ ცვლის ომი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთს

პრორუსული უკრაინის კრახი: როგორ ცვლის ომი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთს

05/12/2022 13:29:50 ანალიზი

ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევები, სხვა ყველაფერთან ერთად, იმასაც ნიშნავს, რომ რუსულენოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი უკრაინულ პოლიტიკურ სივრცეს უბრუნდება.

ამ რეგიონს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2014 წლის შემდეგაც კი იგი ცდილობდა, უკრაინისთვის კიევის ევროატლანტიკური კურსის ერთგვარი ალტერნატივა შეეთავაზებინა.

თუმცა ადგილობრივი ელიტების მოსკოვზე ორიენტაცია მათთვის ფატალური გამოდგა: რუსულმა შეჭრამ მათი კრახი განაპირობა, დააყენა რა არჩევანის წინაშე: ან ღიად გამოეცხადებინათ კოლაბორანტობა, ან შეერთებოდნენ პატრიოტულ კონსენსუსს მესამეხარისხოვანი როლებით.

ახლა უკრაინულ სამხრეთ-აღმოსავლეთს ახალი პოლიტიკური ლიდერებისა და იდენტობის ძიება უწევს.

დიდი ცვლილებები

რუსული შეჭრა უპირველესად უკრაინის იმ რეგიონებს დაატყდა თავს, რომლებიც მეტად ლოიალურები იყვნენ რუსეთის მიმართ და როგორც წესი, პრორუსულ პარტიებს უჭერდნენ მხარს. სულ ორიოდე წლის წინ, 2020 წლის ადგიობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვიქტორ მედვედჩუკის პრორუსულმა "ოპოზიციურმა პლატფორმამ - სიცოცხლისთვის" მოიგო ზაპოროჟიეს, ნიკოლაევოს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვისა და ომის მუქარის მიუხედავად, უკრაინის ამ ნაწილში მთლიანობაში, დადებითი დამოკიდებულება ნარჩუნდებოდა მოსკოვის მიმართ (აღმოსავლეთში - 53%, სამხრეთში - 45%), თუმცა რუსეთთან მიერთების მომხრეთა წილი მცირე იყო (22%-იანი ლუგანსკის ოლქიდან 11%-იან ხერსონამდე).

რუსეთის შეჭრამ ამ განწყობებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენა: 2022 წლის მაისში უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილთა რაოდენობა უკვე 4%-მდე იყო შემცირებული, სამხრეთში კი - 1%-მდე.

სამაგიეროდ რეკორდულ ზღვრამდე ავარდა ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა: აღმოსავლეთში - 69%-მდე, სამხრეთში - 81%-მდე. შედარებისთვის: 16-17-თებერვალს, ანუ ომის დაწყების წინა პერიოდში ჩატარებულმა კვლევამ შესაბამისად, 36%-იანი და 48%-იანი მაჩვენებლები გამოავლინა.

ელვისებური სისწრაფით შეიცვალა კულტურულ-ისტორიული ორიენტირებიც. ახლა უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის - სტეპან ბანდერას მიმართ დადებით განწყობას აღმოსავლეთში - 65%, ხოლო სამხრეთში 54% აფიქსირებს (2021 წელს ეს მაჩვენებელი საშუალოდ 11%-ს შეადგენდა).

უკრაინულ ენას ახლა მშობლიურად აღმოსავლეთში 53% ასახელებს და სამხრეთში 68%, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავინდებურად იყენებენ უკრაინულთან ერთად რუსულსაც (აღმოსავლეთში - 47%, სამხრეთში - 49%).

საზოგადოებრივი განწყობების მსგავსი ცვლა აღარ ტოვებს ადგილს სამხრეთ-აღმოსავლურ იდენტობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროექტებისთვის და ტოქსიკურად აქცევს ყველაფერს, რაც რუსეთს უკავშირდება.

ადგილობრივ პოლიტიკოსებს უწევთ, ან პოლიტიკურ სანაგვეზე გადაინაცვლონ, ან ცვლილებებს აუბან მხარი. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის ჩათვლით ეკატერინე მეორეს ძეგლის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა კი მას მხარი დაუჭირა.

სამხრეთ-აღმოსავლეთის ლიდერების ბედი

2014 წელს ყირიმსა და დონბასში ადგილობრივი ელიტები მსგავსი პრობლემების წინაშე არ დგებოდნენ — მათი დიდი ნაწილი წარმატებით ჩაეწერა რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულ სტრუქტურებში.

თუმცა კოლაბორაციონიზმი ვერ იქცა მასობრივ მოვლენად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგალითად, ხერსონის საქალაქო საბჭოს ფრაქცია "ოპოზიციურმა პლატფორმამ" საერთოდაც დაგმო ქალაქის რუსული ოკუპაცია. ადგილობრივი პრორუსული პოლიტიკოსები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არა "რუსული სამყაროს" იდეური მხარდამჭერები, არამედ უფრო კორუმპირებული ოპორტუნისტები იყვნენ, რომლებიც კიევს უმთავრესად საკუთარი ნეოფეოდალური პრივილეგიების დასაცავად უპირისპირდებოდნენ.

რუსეთის მხარეს გადასვლა მხოლოდ ცალკეულებმა გარისკეს, მაგალითად, ცნობილმა ხერსონელმა რეგიონალმა ვლადიმირ სალდომ, რომელიც 2002–2012 წლებში ქალაქის მერი იყო, ახლა კი რუსეთის მიერ დანიშნულ ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში. სალდო თანამდებობას ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს, მაგრამ მრავალმა სხვამ რუსულ მხარეს გადასვლასთან დაკავშირებული რისკები საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა.

ბევრს დაამახსოვრდა ბურუსით მოცული ავარია, რომელშიც ხერსონის გათავისუფლების წინაპერიოდში სალდოს მოადგილე კირილ სტრემოუსოვი დაიღუპა. გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ხერსონელი ბიზნესმენი ალექსეი კოვალიოვიც, რომელიც რადას დეპუტატი გახლდათ "ხალხის მსახურისგან", მერე კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი კირიენკოსთან შეხვედრაზე "ფერმერების წარმომადგენლად" გამოცხადდა. სავარაუდოდ, უკრაინულმა ტერიტორიულმა თავდაცვამ მოკლა კრემენნოის მერი ვლადიმირ სტრუკა - წარსულში ცნობილი ლუგანსკელი რეგიონალი. ხოლო რუსეთთან დიალოგის აქტიური მხარდამჭერი ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე რჟავსკი ბუჩაში რუსმა მაროდიორებმა მოკლეს.

მსგავს პირობებში რუსეთის მხარეს გადასვლა ძალზე საეჭვო პერსპექტივაა, მაგრამ უკრაინაში მუშაობის გაგრძელებაც სამხრეთ-აღოსავლელ პოლიტიკოსებს კარგს დიდად არაფერს უქადის. რიგი პრორუსული პოლიტიკოსების თანამშრომლობა კრემლთან ხელს უხსნის უკრაინის ხელისუფლებას, სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველა უწინდელ პოლიტიკურ პროექტს ბრძოლა გამოუცხადოს. უკვე აიკრძალა 12 პარტია, მათ შორის - პრორუსული "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" და შედარებით უფრო ზომიერი "ოპოზიციური ბლოკიც", რომლის უკანაც ოლიგარქები რინატ ახმეტოვი და ვადიმ ნოვინსკი იდგნენ. პარტიების აკრძალვას მოჰყვა რადასა და ადგილობრივ საკრებულოებში მათი ფრაქციების დაშლაც.

ამ პროექტებთან დაკავშირებული პოლიტიკოსები უბრალოდ მიმოიფანტნენ. ვიქტორ მედვედჩუკი ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ რუსეთს გადასცეს უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ. მასთან დაკავშირებული "ოპოზიციური პლატფორმის" ლიდერები ვადიმ რაბინოვიჩი და ტარას კოზაკი ქვეყნიდან ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე გაიქცნენ. პარტიის შედარებით ზომიერი ნაწილი, რომელიც იური ბოიკოსა და სერგეი ლევოჩკინს უკავშირდება, ახალი სადეპუტატო ჯგუფის დარეგისტრირებას ცდილობს, თუმცა მისი შანსები, უწინდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს, მიზერულად გამოიყურება.

რა გასაკვირია, რომ ყოფილი პრორუსი პოლიტიკოსების ნაწილი ახალ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობს, უერთდება რა პატრიოტულ კონსენსუსს. ეს უპირველესად, ეხება "ოპოზიციური ბლოკის" წარმომადგენლებს, ანუ პრორუსული სპექტრის შედარებით ზომიერ ნაწილს, რომელიც ახმეტოვზე იყო ორიენტირებული.

ამ ბლოკის თვალსაჩინო წარმომადგენელი ალექსანდრე ვილკული, რომელიც თავის დროზე ამ პარტიიდან პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, დღეს კრივოი როგის თავდაცვის შტაბს უდგას სათავეში. ხალროვის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ დობკინი კი საერთოდაც, მოხალისედ წავიდა ომში. პატრიოტულ ბანაკში აღმოჩნდნენ ოდესის პრორუსულად ცნობილი მერი გენადი ტრუხანოვი და ხარკოვის გამგებელი იგორ ტერეხოვიც.

რა იქნება მომავალში

“რუსულენოვანი უკრაინის” პოლიტიკური პროექტი ჩავარდა. მისმა წარმომადგენლებმა ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებში ევროატლანტიკური კურსის მიმზიდველი ალტერნატივის ფორმულირება ვერ შეძლეს. უკრაინული სამხრეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკოსები ავტორიტარიზმის რუსულ მოდელზე ორიექნტირებას ამჯობინებდნენ, რის გამოც საბჭოთა ნოსტალგიასა და პოსტსაბჭოთა კორუფციასთან ასოცირდებოდნენ.

მაგრამ ძირითადი დარტყმა პრორუსული ძალების პოზიციებს, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თავად კრემლმა მიაყენა, დაატეხა რა თავს რუსეთისადმი ისტორიულად ლოიალურ უკრაინულ რეგიონებს თავისი სამხედრო მანქანა. ამჟამინდელ პირობებში უკრაინის ხელისუფლება პრორუსული პარტიების ნარჩენებს ანადგურებს და მას საზოგადოების უდიდესი ნაწილი უმაგრებს ზურგს.

როგორც არ უნდა დასრულდეს უკრაინაში მიმდინარე ომი, სამომავლოდ ძნელი წარმოსადგენია ქვეყანაში იმგვარი პოლიტიკური პროექტების არსებობა, როგორიც იყო ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტია” ან მედვედჩუკის “ოპოზიციური პლატფორმა”. “რუსეთთან მეგობრობის თემა ვარდება ჩვენი პოლიტიკიდან. მშვიდობისა და შერიგების თემაც კი განგრძობადი რუსული აგრესიის ფონზე ღალატად იქნება აღქმული”, — დარწმუნებულია პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე არაერთგზის განუცხადებიათ, რომ არ დაუშვებენ რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების აღზევებას. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთ “არწივად” ცნობილ ალექსეი დანილოვს, მაგალითად, ნათქვამი აქვს, რომ “პრორუსული პარტიების წევრებს და ხელმძღვანელებს უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება უნდა ჩამოერთვათ”.

თუმცა იმ ძველი სისტემის კრახი, რომელშიც პრორუსული პარტიები სამხრეთ-აღოსავლეთის პოლიტიკური არჩევანის როლს ასრულებდნენ, ქმნის ამ რეგიონის წარმოდგენილობის პრობლემას. ომის პირობებში ძნელი განსაჭვრეტია უკრაინული პოლიტიკის სამომავლო კონტურები, თუმცა შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ვაკანტური ადგილის დაკავებას შეეცდება საპრეზიდენტო პარტია “ხალხის მსახური”, რომელსაც იქ ომამდეც არცთუ ცუდი პოზიციები გააჩნდა. გამოჩნდებიან ახალი რეგიონული ლიდერებიც — თაობა, რომელიც ომის დროს “წამოიჩიტა”: ვეტერანები, სამოქალაქო აქტივისტები და მოხალისეები, რომლებიც ერთგვარ საომარ დემოკრატიას განასახიერებენ.

უკრაინული სამხრეთ-აღმოსავლეთის ახალი პოლიტიკური ლიდერები უკვე დღეს იკვეთებიან, მაგალითად — ნიკოლაევის სამხარეო გუბერნატორი ვიტალი კიმი, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქალაქის დაცვისას თავისი ვიდეომიმართვით გაითქვა სახელი.

სამომავლოდ უკრაინის ამ ნაწილში შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს ნაციონალისტური პოპულიზმის აყვავება “რუსულენოვანი პატრიოტიზმის” რეგიონული ელფერით (ამჟამინდელი თაობის სიცოცხლეში რეგიონში ენობრივი თავისებურებები ნაკლებ სავარაუდოა, შეიცვალოს), თუმცა რაიმე ხელშესახები ბაზა პრურუსული ძალებისთვის იქ ნამდვილად აღარ იქნება. “რუსულენოვანი უკრაინის” მსხვილი პოლიტიკური პროექტები სამუდამოდ ბარდება წარსულს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S