
დღეს რაკეტების უმრავლესობა ჩამოვაგდეთ, ვმუშაობთ ენერგომომარაგების აღდგენაზე - ზელენსკი
05/12/2022 16:35:39 ევროპა
დღეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, შუადღისას შავი ზღვის ფლოტისა და სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლა. თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 60 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.
რუსული რაკეტების სამიზნე ისევ ენერგოობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საჰაერო თავდაცვის ძალებს, ენერგეტიკის სფეროს მუშაკებსა და ჩვენს ხალხს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები კი უკვე მუშაობენ დაზიანებული ენერგომომარაგების აღსადგენად. ჩვენი ხალხი არასდროს დანებდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მანამდე კიევის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის თავზე რუსული ძალების მიერ გაშვებული 10 რაკეტიდან 9 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები – Х-101/Х-555 და მოძველებული X-22 გამოიყენა. შავი ზღვის ფლოტიდან ისროლეს „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტები.