"ფრთხილად! ჩეჩნები!": უფლებადამცველები საფრანგეთში მომძლავრებული ანტიჩეჩნური განწყობებისა და დეპორტაციების გამო შიშობენ

06-12-2022 16:07:39 კავკასია ,ევროპა ,ეს საინტერესოა

ბოლო წლებში საფრანგეთიდან დეპორტაციას დაექვემდებარა ათობით ჩეჩენი ლტოლვილი იმ რისკების უგულებელყოფით, რომლებსაც ისინი აწყდებიან რუსეთში, მათ შორის ადამიანები, რომლებიც წარსულში რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ ან რამზან კადიროვის (ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი) რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ,– ამბობენ უფლებადამცველები.

მათი განმარტებით, მდგომარეობა გაართულა ჯერ კიდევ 2017 წელს „რესპუბლიკური პრინციპების განმტკიცების შესახებ კანონის“ მიღებამ, რომლის საფუძველზეც საფრანგეთის პოლიციას მიენიჭა უფლება, მიიღოს ზომები სახიფათოდ მიჩნეული ურთიერთობებისა და კავშირების ჩასახშობად. ამასთან, კანონში არ არის განსაზღვრული „საფრთხის“ და „საშიში კავშირების“ ცნებების კრიტერიუმები და არც პოლიციის ზომების გასაჩივრების მექანიზმები. ამას დაემატა მედიაში გამოჩენილი პუბლიკაციები ანტიჩეჩნური აქცენტებით, რასაც უფლებადამცველები რასიზმის გამოვლინებად აფასებენ და გამოსავლის ძიებაში მყოფმა გაერო–ს მიმართეს მათ მიერ დანახულ პრობლემებთან დაკავშირებით: რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ნოემბერში განიხილა ფრანგული ორგანიზაციების Habitat-cité და Comité Tchétchénie-ის მიერ გაგზავნილი ნოტა ჩეჩენი ლტოლვილების დეპორტაციის დაუშვებლობის შესახებ. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ გაერო–ს დახმარებით, საფრანგეთის მიგრაციული პოლიტიკა შეიცვლება.

„ჩვენი გადაწყვეტილება, მიგვემართა გაერო–სთვის, უკავშირდება ბოლო წლების მოვლენებს: საფრანგეთში ბევრი ჩეჩენი დაადანაშაულეს ტერორიზმში, თუმცა ამ შემთხვევების უმეტესობა საეჭვოა ან ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ადამიანი შეხვდა ვინმეს ქუჩაში ან მეგობრული საუბარი ჰქონდა ვინმესთან, რომელსაც „ცუდად“ მიიჩნევენ. ნიცაში მომხდარი შეტაკებების გამო ჩეჩნებზე ცუდად დაიწყეს საუბარი. ტელევიზიებსა და გაზეთებში ძალიან უსიამოვნო მასალები გამოჩნდა. ჩვენ ამას რასიზმის გამოვლინებად მივიჩნევთ! სიტუაცია სრულიად მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჩეჩენმა აბდულაჰ ანზოროვმა მოკლა მასწავლებელი სამუელ ფატი. ეს განსაკუთრებით შეეხო მათ, ვინც წლების განმავლობაში ცდილობდა ლტოლვილის სტატუსის მოპოვებას: ყველა ძალისხმევის მიუხედავად, მათ სტატუსი ჩამოართვეს და გაადეპორტეს“, – ამბობს Comité Tchétchénie–ს ხელმძღვანელი პასკალ შოდო.

უფლებადამცველი ანტიჩეჩნური განწყობების გაღვივებაში მედიის როლზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ზოგადად, როდესაც მედია აღწერს რაიმე სახის დანაშაულს, ყოველთვის აღნიშნავს, რომ ეს არ არის ფრანგი. ჩეჩნების შემთხვევაში კი შორს მიდიან. მახსოვს, მაგალითად, ერთი სტატია, რომელშიც წერდნენ "ფრთხილად! ჩეჩნები!". ფრანგულად ზუსტად ასე წერენ პარაზიტებზე. მსგავსი რამ არასდროს წამიკითხავს სხვა ეროვნების წარმომადგენლების შესახებ. და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პრესას შეეძლო ვინმეზე ასე დაწერა. ამან შოკში ჩამაგდო. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რაღაცის გაკეთება. როცა უკრაინის ომი დაიწყო და რამზან კადიროვმა იქ თავისი ჯარები გაგზავნა, ფრანგული მედია წერდა, რომ ჩეჩნები რუს ჯარისკაცებს შორის ყველაზე ველურები არიან, რომ ისინი ცხოველებივით იქცევიან. მეჩვენება, რომ ასეთი დეპორტაციები და ჩეჩნების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორც საფრანგეთშია, არც ერთ ქვეყანაში არაა. არ ვიცი, რატომ მოხდა ეს აქ“.

მას მაგალითად მოჰყავს ორი შემთხვევა: ჩეენი ახალგაზრდა მსუბუქი ხასიათის დანაშაულისთვის ექვსი წლის განმავლობაში იჯდა ციხეში, საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ კი მისი რუსეთში დეპორტაცია განხორიელდა. მალე ინტერნეტში გამოჩნდა „აღიარებითი ჩვენება“, რომ სირიაში იბრძადა ტერორისტებთან ერთად, ეს მაშინ, როდესაც რეალურად საფრანგეთში იმყოფებოდა. შესაბამისად, უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ის გროზნოში აწამეს და მრავალწლიანი სასჯელი ელის, ვერც ნათესავები ახერხებენ მასთან შეხვედრას. უფლებადამცველი იხსენებს კიდევ ერთ შემთხვევას:

„საფრანგეთში პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ ადამიანს, ჩათვალეს, რომ ის დაეხმარა ვიღაცას. შემდეგ ავად გახდა. მას ოპერაცია გაუკეთეს, მუდმივი მკურნალობა და მოვლა სჭირდებოდა, რეგულარული მედიკამენტები. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში გაადეპორტეს. ახლა რუსეთში გადარჩენისთვის იბრძვის და არ ვიცით, რა მოხდება. ასევე ცნობილია გარდაცვლილი დაუდ მურადოვის შემთხვევა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცნობდით და სხვა მრავალი დეპორტირებულის ისტორიები, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცის“.

უფლებადამცველს იმედი აქვს, რომ გაერო დეტალურად შეიწავლის მათ ნოტას, ხოლო მომზადებული ანგარიში პოლიტიკის ცვილებას დაეხმარება:

„ჩვენთვის მთავარია ყველას ესმოდეს ჩეჩნების მიმართ ასეთი დამოკიდებულების არანორმალურობა, რომელიც ახლა საფრანგეთშია. მთელ ერს მისი რამდენიმე წარმომადგენლის მიხედვით ვერ განსჯი. გარდა ამისა, გვსურს, ზოგადად, ყურადღება გავამახვილოთ ჩეჩნების მიმართ პოლიტიკაზე. ეს ხალხი გადაურჩა საშინელ ომებს, ახლა მათ რესპუბლიკაში გაუსაძლისი დიქტატურა აქვთ. ჩვენ გვინდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სხვაგვარად შეხედოს იმას, თუ რა იყო ჩეჩნეთში წარსულში და რა არის ახლა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები