
საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი პატიმარი გადასცა
24/10/2019 08:50:55 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი
საქართველომ დააკმაყოფილა მოსკოვის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ.
წითელი ცერკულარით ძებნილი სუმბაევი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 24 ოქტომბერს გაიყვანეს და რუსეთის სამართალდამცველებს გადასცეს.
"[ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას. ყველამ დაე იცოდეს, რომ რომელი ქვეყნის მოქალაქეც, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის, არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი... ეს ვერ იქნება ოაზისი იმისთვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას",- აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
რუსეთის მოქალაქე იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. სუმბაევის უფლებადამცველი მისი ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო რუსეთში პატიმართა უფლებების მდგომარეობის გამო. "რუსეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები”, - მიიჩნევს ადვოკატი ივანე ნორაკიძე.
რუსული გამოძიება სუმბაევს მიიჩნევს ჰაკერების ჯგუფის ორგანიზატორად, რომლებიც ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და ყალბ სარკინიგზო ბილეთებს ყიდდნენ.
ბილეთების საქმეს იძიებდა გამომძიებელ ევგენი შიშკინას გუნდი. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. შიშკინას ოჯახის ადვოკატი BBC-ს რუსულ სამსახურთან ამბობდა, რომ იაროსლავ სუმბაევი მთავარი ეჭვმიტანილია გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზებაში, რაც სავარაუდოდ, ინტერნეტით განხორციელდა.
ცნობისთვის: საქართველომ რუსეთს რამზან ახიადოვი გადასცა. როგორც მაშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რუსეთის გენპროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიები, რომ ახიადოვი არ დაექვემდებარებოდა წამებას, ეჭვის შეტანისსაფუძველს არ იძლევა.