
თეა წულუკიანი: „უმნიშვნელოვანესი სიახლე გვაქვს მოქალაქეებისთვის"
24/10/2019 09:02:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, მხოლოდ იუსტიციის სახლში განცხადება საკმარისი აღარ იქნებაю კერძოდ, ბიომეტრული პასპორტის ჩანაცვლებამდე აუცილებელი იქნება, მოქალაქემ წარადგინოს დასტური, რომ ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სიახლე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც თითოეულმა უნდა იცოდეს. 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ახალი წესი შევა ძალაში. როდესაც დავკარგავთ ან მოგვპარავენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრულ პასპორტს, საკმარისი არ იქნება ამის შესახებ იუსტიციის სახლში ან ჩვენ სხვა ტერიტორიულ სამსახურებში უბრალო გაცხადება იმის შესახებ, რომ პასპორტი დავკარგეთ ან მოგვპარეს. აუცილებელი იქნება ბიომეტრული პასპორტის ჩანაცვლებამდე მოქალაქემ მოიტანოს დასტური, რომ ამის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ჩვენ მოქალქეებს, არამედ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უცხოეთში იმყოფება. უცხოეთში მყოფი მოქალაქეები იმ ქვეყნის დადგენილი წესით, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან, ჯერ უნდა მივიდნენ შესაბამის ორგანოში, ეს იქნება პოლიცია თუ სხვა, განაცხადონ, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაკარგეს ან მოპარეს და იქიდან წამოღებული ცნობით მივიდნენ საკონსულოში. მხოლოდ ამ ცნობით შეიძლება დაკარგული ან მოპარული პასპორტის ჩანაცვლება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისივე თქმით, ცვლილების მიზანი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაა.
„ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება ისე, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, აცხადებს, დაკარგა ან მოპარეს პასპორტი. სინამდვილეში ეს ასე არ არის და ჩვენ გავცემთ ახალ პასპორტს. რეალურად მოქალაქე ინარჩუნებს ორ სამგზავრო დოკუმენტს, რაც მოცემული ევროპული ქვეყნებისთვის და მათი სამართალდამცველი ორგანოებისთვის არის უდიდესი პრობლემა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.