Accentnews.ge
ელჩი: „ვიმედოვნებთ, „ბრექსიტის“ შემდეგ ბრიტანეთი „მაგნიცკის აქტის“ მსგავს დებულებებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზეც გაავრცელებს

ელჩი: „ვიმედოვნებთ, „ბრექსიტის“ შემდეგ ბრიტანეთი „მაგნიცკის აქტის“ მსგავს დებულებებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზეც გაავრცელებს

24/10/2019 09:00:38 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ გაერთიანებული სამეფო „მაგნიცკის აქტის“ მსგავს დებულებებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზეც გაავრცელებს. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა „აქცენტთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

ელჩმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს  „ბრექსიტმა“ საქართველო–ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებზე:

„ბრექსიტის“ შემდგომ რეალობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია მკაფიოა: გაერთიანებული სამეფო ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას. შესაბამისად, კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღნიშნული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასაც მოიცავს. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ჩამოაყალიბა ახალი, „ბრექსიტის“ შემდგომი ხედვა „გლობალური ბრიტანეთის“ (Global Britain) თაობაზე, რაც გულისხმობს, რომ „ბრექსიტი“ აღქმულ უნდა იქნას არა როგორც გამოწვევა, არამედ გლობალური მასშტაბით ფართო შესაძლებლობების შემქმნელი გარემოება. კერძოდ, „გლობალური ბრიტანეთის“ ხედვა, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს სხვა სახელმწიფოებთან არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ურთიერთობების დამყარება-განვითარებას. გარდა ამისა, „ბრექსიტის“ შემდეგ ბრიტანეთი გეგმავს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გაერთიანებული სამეფო უფრო სიღრმისეულად ჩაერთვება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ვინაიდან როგორც საქართველო, ისე ბრიტანეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის კონტექსტში, „ბრექსიტის“ შემდგომ, ჩვენი ახალი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩვენ გვექნება ფართო შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის, რაც აუცილებლად მოუტანს სარგებელს ქართველ მწარმოებელსა და მომხმარებელს. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „გლობალური ბრიტანეთის“ ხედვა აგრეთვე მოიცავს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ღირებულებების ხელშეწყობას. ამ კუთხით ბრიტანეთის მთავრობა პირობას დებს, რომ „ბრექსიტის“ შემდგომ, როცა ქვეყანა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს,  გაერთიანებული სამეფო აღასრულებს ე. წ. „მაგნიცკის აქტის“ მსგავს დებულებებს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში მხილებული პირების წინააღმდეგ, რაც შესაბამისი პირებისთვის სავიზო აკრძალვების დაწესებასა და მათი ანგარიშების გაყინვას გულისხმობს. ამ მხრივ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ხსენებულ დებულებებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილ პირებზეც გაავრცელებს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S