
რუსეთის რეაქცია გერმანიაში ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციაზე
07/12/2022 14:20:06 ევროპა
გერმანიის პოლიციამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. დილის ჩხრეკის შემდეგ, რომელიც გერმანიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დააკავეს 25 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში. დაკავებულებს შორის იყვნენ „რაიხსბურგერის“ მოძრაობის მიმდევრები, რომლებიც არ აღიარებენ დღევანდელ ხელისუფლებას და თავს გერმანიის რაიხის მოქალაქეებად თვლიან.
„ალიანსი“ გეგმავდა (სამხედრო) გარდამავალი მთავრობის შექმნას, რომელიც ასოციაციის წევრების აზრით, გერმანიის ახალ სახელმწიფო წესრიგს დაამყარებდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებთან ჰარმონიზაციით "რაიხსბურგერების" იდეების შესაბამისად“,– განაცხადეს გერმანიის პროკურატურაში.
ცალკეა მოხსენიებული რუსეთის დაკავებული მოქალაქე ვიტალინა ბ., რომელიც გამომძიებლების თქმით, ეხმარებოდა შეთქმულებს მოსკოვთან დიალოგის დამყარებაში:
„ბრალდებული ჰენრი XIII [ითვლება ჯგუფის ლიდერად] დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს გერმანიაში. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, ჯერ არ შეიმჩნევა, რომ საკონტაქტო პირებმა მის მოთხოვნას დადებითად უპასუხეს“.
დაკავებულთა შორის იყო ბუნდესტაგის ყოფილი წევრი ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვისდან“. სწორედ ამ გერმანულ პარტიასთან აქვს მოსკოვს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა. თუმცა, კრემლმა უარყო ინციდენტთან რაიმე კავშირი.
„ეს გერმანიის შიდა პრობლემებია და თავად აცხადებენ, რომ რუსეთის რაიმე სახის ჩართულობაზე საუბარი არ შეიძლება. ამის შესახებ მედიდან გავიგეთ. ჩვენ არაფერი გვაქვს სათქმელი“,– თქვა თემის კომენტირებისას კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
თუმცა, რუს დამკვირვებლებს არ გამორჩენიათ, გერმანიის მოვლენებზე როგორ კომენტარებს აკეთებდნენ სმოლენსკაიას მოედანზე.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ირიბად დაადასტურა კრემლის ინტერესი გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მიმართ. ლავროვმა დღეს მოსკოვში პრიმაკოვის კითხვაზე ასეთი რამ თქვა: გერმანიაში არის ძალიან შემაშფოთებელი პროცესი მისი უპირატესობის განცდის განახლებისა. გერმანიაში კვლავ ავითარებენ რასიზმის ფორმას რუსოფობიის სახით. ასეთი პოლიტიკით გერმანიას არ აქვს უფლება, გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი“,– თქვა პოლიტოლოგმა სტანისლავ ბელკოვსკიმ.