
ბაქომ სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 19 აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლა
07/12/2022 15:05:40 კავკასია
აზერბაიჯანში სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, „ტერტერის საქმეზე“ დაკავებული 19 სამხედრო გაათავისუფლეს. მათგან 10 პირი გამართლდა, ხოლო დანარჩენის შემთხვევაში ძიება შეწყდა.
აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, 2017 წლის შუა პერიოდში, ტერტერის რაიონში ჯარისკაცები სასტიკად აწამეს სხვა ჯარისკაცებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით.
"ტერტერის საქმეზე" ამჟამად ციხეში მინიმუმ, 12 ადამიანია. უფლებადამცველების თქმით, ისინი აწამეს. ჯამში შეიძლება, რამდენიმე ასეული წამების მსხვერპლი იყოს.
ტერტერის რეგიონი 2017 წელს მდებარეობდა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ რეგიონალურ ცენტრს აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებდნენ. ქალაქი მეომარ მხარეებს შორის კონტაქტის ხაზზე იყო. 2020 წლის ომის შემდეგ რეგიონის ტერიტორიები ბაქოს კონტროლის ქვეშ მოექცა.
თვითმხილველების თქმით, 2017 წლის მაის-ივნისში აზერბაიჯანელი ჯარისკაცები და ოფიცრები ძველ ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც აწამეს და აიძულეს, ეღიარებინათ სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. სულ მცირე, 11 დაკავებული დაიღუპა.
წამებაში მონაწილე ზოგიერთ პირს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებებმა არ დააკმაყოფილა არც დაზარალებულები და არც უფლებადამცველები: ისინი დაჟინებით მოითხოვენ სამხედროების წამების ბრძანების გამცემი პირების იდენტიფიცირებას.
აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევდა ყურადღებას „ტერტერის საქმეს“, მაგრამ გასული წლის ბოლოს პროკურატურამ ახალი გამოძიება დაიწყო. 2022 წლის სექტემბერში გენერალურმა პროკურატურამ 19 პირისთვის განაჩენის გადახედვის ინიცირება მოახდინა.