
ბელორუსმა შოიგუს ვიზიტის შემდეგ სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო
07/12/2022 19:52:12 ევროპა
ბელარუსის ხელისუფლებამ დაიწყო ჯარების და სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილება „კონტრტერორისტული საფრთხეების“ მოტივით,– ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო BelTA უშიშროების საბჭოს სახელმწიფო სამდივნოზე დაყრდნობით იტყობინება.
ამ პერიოდში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის გადაყვანა, – იუწყება გამოცემა მიმართულების დაზუსტების გარეშე.
ბელარუსის მაცხოვრებლები გაფრთხილებულნი არიან დროებითი შეზღუდვების შესახებ გარკვეულ გზებსა და მონაკვეთებზე, ასევე, იმის შესახებ, რომ გამოყენებული იქნება იმიტირებული იარაღი სასწავლო მიზნებისთვის.
ეს განცხადება გაკეთდა უკრაინის ჩრდილოეთით, ბელარუსთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, – აღნიშნავს BBC. თებერვალში რუსულმა ჯარებმა ბელარუსის საზღვარი შეჭრის პლატფორმად გამოიყენეს.
უკრაინის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ბოლო თვეებში გამოთქვა შიში, რომ ბელორუსის არმია შესაძლოა, ჩაერთოს ომში. მედია ხშირად წერს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერზე კრემლის მხრიდან ზეწოლის თაობაზე.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ბელარუსში ნაწილობრივი ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის უშუალო მონაწილეობის ალბათობა ძალიან დაბალია.
3 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბელარუსში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრის დროს ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც ახლა ბელარუსში იმყოფებიან, ბელარუს კოლეგებთან ერთად მოქმედებენ, როგორც „საკავშირო სახელმწიფოს დამცველები“.
„აქ არავინ არ იყოფა: ჩვენ დღეს როგორც ერთი ჯგუფი, ერთი ჯარი, ვემზადებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
შოიგუ ასევე შეხვდა ბელორუსის თავდაცვის მინისტრს ვიქტორ ხრენინს. მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებაში ცვლილებებს სამხედრო სფეროში რეგიონული უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ.
შოიგუ ეწვია ბელარუსს, რათა ლუკაშენკოზე ზეწოლა მოახდინოს, რომ გააგრძელოს რუსეთის თავდასხმის კამპანიის მხარდაჭერა უკრაინაში, – წერენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები. იმავდროულად, ანალიტკოსები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ ომში ბელარუსი სამხედროების უშუალო ჩართვას და მიმდინარე პროცესებს საინფორმაციო ომის ნაწილად უფრო მიიჩნევენ.
ოქტომბერში ლუკაშენკომ გამოაცხადა ჯარების რეგიონალური დაჯგუფების ფორმირების დაწყების შესახებ. ბელარუსის ტერიტორიაზე „საბრძოლო მომზადების ცენტრებმა“ დაიწყეს ფუნქციონირება რუსეთ–ბელარუსის სამხედრო პერსონალის ერთობლივი მომზადებისთვის.