
"ვაგნერმა" სერბეთში „კულტურულ–საინფორმაციო ცენტრი“ შექმნა და მუქარაც გააჟღერა
07/12/2022 21:16:28 ევროპა
რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა“ სერბეთში "მეგობრობისა და თანამშრომლობის რუსულ-სერბული კულტურული და საინფორმაციო ცენტრი" სახელწოდებით, "არწივები" დააარსა. ცენტრის იდეოლოგი და ხელმძღვანელი ალექსანდრე ლისოვია.
ბელგრადში დაფუძნებულმა დამოუკიდებელმა გაზეთმა Danas-მა გამოაქვეყნა „ვაგნერის“ ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრი ჩაატარებს "ღია დიპლომატიას რუსეთსა და სერბეთს შორის მეგობრული ურთიერთობების კონსოლიდაციისა და განვითარების მიზნით". ჯგუფი აფრთხილებს, რომ შეუტევს „ინფორმაციულადსერბეთში ჩასულ რუს ლიბერალებს, რომლებიც ცდილობენ, იქ განახორციელონ ქმედებები რუსეთის დისკრედიტაციისა და რუს და სერბ ხალხებს შორის ურთიერთობების გაუარესების მიზნით“.
ერთი დღით ადრე გაჩნდა ინფორმაცია ბელგრადში „რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების“ დაარსების შესახებ, რომელიც საკუთარ თავს „ანტისაომარსდა ანტიფაშისტურს“ უწოდებს. მისი წევრები არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სერბეთში 25 თებერვლიდან ჩავიდნენ და „არ სურთ, იცხოვრონ სამხედრო-პოლიციურ დიქტატურაში, როგორიც რუსეთი გახდა“.
„ვაგნერი“არ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და იურიდიულ პირთა რეესტრში, მაგრამ მისი მებრძოლები, მრავალი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მონაწილეობენ რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ასევე ფიქსირდებიან ყველა ზონაში, სადაც რუსეთი სამხედრო კომპონენტითაა წარმოდგენილი. მისი მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. კომპანიის დამფუძნებელია ევგენი პრიგოჟინი – ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, რომელსაც, მაგალითად, მისცეს შესაძლებლობა, შესულიყო კოლონიებში და პირადად მოეხდინა პატიმრების რეკრუტირება უკრაინის ომისთვის.