
აფხაზეთი: “სომხური საკითხი”, მოსკოვის ინტერესები და თბილისის დემონიზაცია
08/12/2022 06:12:54 კონფლიქტები
და კვლავ “საქართველოა დამნაშავე”. ამჯერად – “აფხაზეთში ანტისომხური განწყობების გაღვივების მცდელობაში”. რა საფუძველი აქვს ამ ბრალდებას? - არავითარი. სამაგიეროდ არსებობს ვარაუდები და ეჭვები. კერძოდ, “მაღალი ალბათობით ქართველების ნამოქმედარად” მიიჩნევს “ანტისომხურ საინფორმაციო ნარატივებს” დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა, მის კვალდაკვალ – კიდევ რამდენიმე მოღვაწე და, რაღა თქმა უნდა, რამდენიმე ტროლი სოცქსელში. ყველა მათგანი აქტიურად აღვივებს აფხაზურ საზოგადოებაში თბილისის მიმართ შიშს და ამავდროულად, ცხადია, არ ივიწყებს “მოსკოვის მიმართ ლოიალობის დემონსტრირების აუცილებლობის” ხსენებასაც.
“ანტისომხური საინფორმაციო ნარატივი”, რომელზეც მიდის საუბარი, სოცქსელის აფხაზურ სეგმენტში ორიოდ კვირის წინ გაჩნდა. ინტერნეტ-დისკუსიაში მონაწილე სომხური დიასპორის წარმომადგენლები მაშინ უკიდურესი აღშფოთებით უწოდებდნენ აფხაზეთში ყარაბაღიდან სომხების ჩასახლების შესახებ მტკიცებას “ბოდვას”. მოგვიანებით ანალოგიური შეფასება მისცა ამ ინფორმაციას სომხურ თემში ცნობილმა ადამიანმა – სურენ კერსელიანმაც, რომელმაც იქვე გამოთქვა ეჭვი, რომ “ამ საქმის უკან ან ქართველები დგანან, ან აზერბაიჯანელები”.
საკითხი დღის წესრიგში დადგა მრგვალ მაგიდაზეც სახელწოდებით “თანამედროვე აფხაზეთის განვითარება ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში”. “რაც შეეხება ჩვენს უსაფრთხიებას, აუცილებელია ლოიალობის დემონსტრირება რუსეთისთვის და შიდა განხეთქილების არდაშვება. ჩვენ ხომ არაერთგზის გვინახავს ჩვენს ომისშემდგომ ისტორიაში, როგორ "გვიგდებდნენ" ქართული მხრიდან სხვადასხვა ფაქტორებს ჩვენი შიდა ერთობის მოსარყევად. აგერ, ახლაც “შემოაგდეს” [ინფორმაცია – რედ.], თითქოს ყარაბაღიდან 50 000 სომეხის ჩამოსახლებას გვიპირებენ… ეს ხომ უეჭველი ქართული სპეცსამსახურების ნახელავია! მართალია, ზოგიერთებს ეჭვი აზერბაიჯანულზე აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, აქ სწორედ ქართული დაინტერესებაა… დავიღუპებით მაშინ, როცა აქ, ადგილზე, ერთმანეთში ვერ მოვრიგდებით” – განაცხადა ღონისძიებაზე სერგეი შამბამ.
არსებობს რიგი სხვა ვარაუდებიც – მაგალითად, “შიდა დეზინფორმაციის” შესახებ. “ასეც შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ისეც. ვიღაცას შეეძლო, მავნებლურად გაევრცელებინა ეს ფეიქი ჩვენი საზოგადოების შიგნით. […] თანაც არა უბრალოდ ლაქლაქებენ - “გადმოსახლება იგეგმებაო”, არამედ ასახელებენ კონკრეტულ პირებს – აფხაზეთის გმირ გალუსტ ტრაპიზონიანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან – ზურაბ ქაჯაიას და მფარველად თავად პრეზიდენტსაც. ბიზნესიც ახსენეს… სახელდება ციფრებიც - 15 ათასი დოლარი…” - განაცხადა აფხაზეთის “საზოგადოებრივი პალატის” წევრმა აბესალომ ქვარჩიამ და იქვე ხაზი გაუსვა როგორც “ფეიქის დამკვეთთა დადგენის”, ისე “იმ იდეოლოგიის მხარდაჭერის” აუცილებლობას, რომელიც ”აფხაზეთში ყველა ეროვნებას გააერთიანებს”.
“შიდა ფეიქის” ვერსიის განხილვისას შეგვიძლია, გავიხსენოთ მიმდინარე წლის ოქტომბრის სკანდალი აფხაზ ოპოზიციონერ ადგურ არძინბასა და ეროვნებით სომეხ სოჭელ ბიზნესმენ რუბენ ტატულიანს შორის.ამ უკანასკნელმა მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან აფხაზური პასპორტი მიიღო. ფაქტის ირგვლივ აგორებულმა დავებმა მაშინ არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეთნიკური ელფერიც შეიძინა და აფხაზურ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია.
მაგრამ ვინც არ უნდა იდგეს ხსენებული “ფეიქის” უკან, თავად “აფხაზეთის სომეხიზაციის” თემა არახალია: ბოლო წლების განმავლობაში აფხაზურ საზოგადოებაში ხშირად გორდება მღელვარება “დემოგრაფიული კატასტროფის მოახლოებასთან” დაკავშირებით. აფხაზეთში სომხური ეროვნების პირთა უკონტროლო ჩასახლების საკითხი პერიოდულად დგებოდა დღის წესრიგში, თუმცა სოცქსელებში აღშფოთებულ მოქალაქეთა კომენტარებს იქით საქმე არ მიდიოდა: ყოველ ჯერზე, როცა მსგავსი საუბრები იკრებდა ძალას, საქმეში ერთვებოდნენ 1992-93 წ.წ. “სამამულო ომის” სომხური ეროვნების ვეტერანები, რომლებიც აფხაზების პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით შეახსენებდნენ მათ ომის დროს გაწეულ მხარდაჭერასა და დახმარებას. არადა, არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში სომხური მოსახლეობის წილი მართლაც იმდენად გაიზარდა, რომ უკვე არაერთ წელია, აჭარბებს აფხაზურს.
დიდი ხანია, ცნობილია აფხაზეთში სომეხთა ჩასახლების სქემაც. ადგილობრივთაგან არავისთვისაა საიდუმლო, რომ ამ პროცესის უკან სწორედ ის რუბენ ტატულიანი დგას – ყოფილი სპორტსმენი და მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც ყველაფერთან ერთად, რამდენიმე წლის წინ მოკლული ”კანონიერი ქურდის” - “დედ ჰასანის” მემკვიდრედ ითვლება და რუსულ კრიმინალურ სამყაროში “რობსონის” მეტსახელითაა ცნობილი. მას შემდეგ ტატულიანი რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში ერთის მხრივ - დანაშაულებრივი სამყაროს, ხოლო მეორეს მხრივ სომხური დიასპორის ინტერესებს ლობირებს. მის ქვემდებარებაში არსებული ე.წ. “დახმარების ფონდის” სახსრები ისტორიული სამშობლოდან გადასახლების მსურველი სომხების დაბინავება-მოწყობას ხმარდება. ამასთან, საუბარია არა ათეულ ანდაც ასეულ მოქალაქეზე: გასული წლის მიწურულის მონაცემებით, “ფონდის” არსებობის განმავლობაში მარტო აფხაზეთში სომხეთიდან 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩაასახლეს.
უკვე ადგილზე ჩასახლებული მოქალაქეების საქმეებს, არაოფიციალური ინფორმაციით, კურირებს სომხური თემის ხელმძღვანელობა. წინასწარ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით იგი ჩამსვლელთათვის საცხოვრისებს ამზადებს და შემდგომში მათთვის პასპორტების გაცემაზეც ზრუნავს. ბოლო დრომდე ჩასულ სომხებს ასახლებდნენ სახლებში, სადაც ისინი 6 თვემდე ვადით (სწორედ ამდენი სჭირდებოდა ტატულიანსა და მის ადგილობრივ თანაშემწეებს ყველა აუცილებელი საბუთის წესრიგში მოსაყვანად) რჩებოდნენ. მაგრამ მოგვიანებით ეს დრო საგრძნობლად შემცირდა და აფხაზეთში ჩასულ სომხებზე საბუთები პრაქტიკულად ჩასვლისთანავე გაიცემოდა.
თანაც, არ იფიქროთ, რომ ჩასახლებულებს მცირეგაბარიტიან ოთახებში უწევთ მძიმე ყოფა: დროებითი საცხოვრისები წარმოადგენს მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ 2-3-ჰექტრიან ტერიტორიებს, რომლებზეც თანამედროვე ორსართულიანი სახლებია აშენებული (თითოეულ ასეთ ნაკვეთზე – 8-8 სახლი). უცხო პირს მსგავს დასახლებებში მოხვედრა ეკრძალება. სადღეისოდ მარტო გაგრის რაიონში უკვე რამდენიმე ასეთი დროებითი საცხოვრებელი ბაზაა. უზარმაზარ ტერიტორიებზე სომხური ოჯახების მთელი კოლონიაა გაშლილი და ახლადჩასულები სულ ორიოდ თვეში ოფიციალურად უერთდებიან აფხაზეთის მოსახლეობის რიგებს.
“გაგრის რაიონი სომხებს უკვე სრულად აქვთ ოკუპირებული. იქ თითქმის აღარ დარჩა სხვა ეროვნების მაცხოვრებელი. ამასთან, ისინი როგორც განაპირა სოფლებში სახლდებიან, ისე ზღვის სანაპიროზეც და ამ უკანასკნელს აშკარად ანიჭებენ უპირატესობას”, - ყვება ჩვენი რესპონდენტი ალექსეი და იქვე დასძენს, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხების უმრავლესობა ყარაბაღელია, თანაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ბოლოდროინდელ გამწვავებამდე ბევრად ადრე ჩასახლებული.
აფხაზური “სახელმწიფო” უწყებები რუბენ ტატულიანის მიერ მართულ პროცესზე გავლენას ღიად, როგორც ჩანს, ვერ ახდენდნენ და სავარაუდოდ, ამის გამო შემოიღეს რამდენიმე წლის წინ არაოფიციალური აკრძალვა სომეხი ეროვნების პირთათვის “მოქალაქეობისა” და ჩაწერის გაცემაზე. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 5-6 წლის წინ. მაგრამ შემდგომში ეს არაოფიციალური ბრძანება, როგორც ჩანს, გაუქმდა. სხვაგვარად როგორ ავხსნათ სომხეთიდან ჩასახლებულთა რაოდენობის საგრძნობი ზრდა და მათთვის აფხაზური პასპორტების მინიჭება?!
2020 წლის ბოლოს კი, “აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის” თანამებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ჯერ მელანიც არ იყო შემშრალი – და ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირმა” ახრა ავიძბამ მთიანი ყარაბაღიდან დევნილებისთვის “დერეფნის” ორგანიზებას მიჰყო ხელი. “რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს კვლავ უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი, როგორც არაერთგზის გაუკეთებიათ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს!”, - დაწერა მაშინ Facebook-ში ავიძბამ. თუმცა მისი წამოწყება აფხაზმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მათ არათუ მხარი არ დაუჭირეს ავიძბას მოწოდებას, არამედ “გმირი” “საკუთარი ხალხისთვის ეროვნული საფრთხის შექმნაში” დაადანაშაულეს. “რისთვის უფრო იღწვი: სამომავლოდ იგროვებ პოლიტიკურ ქულებს, თუ ჩვენი კოლაფსში შეყვანა გსურს? ჩვენს სახელმწიფოს საკუთარი მშიერი მოქალაქეები ვერ გამოუკვებია, არათუ სომხეთიდან დევნილები!"; "თუ ვინმეს ჩამოსახლებაა, ჩვენი აფხაზი ძმები გვყავს დასაბრუნებელი თურქეთიდან, სირიიდან და ა.შ. ყარაბაღელი სომხებისადმი პატივისცემის მიუხედავად, მათ აქვთ საკუთარი დიდი სამშობლო! კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ჩამოსვლის, ეს უცილობლად მიგვიყვანს კონფლიქტამდე!", - წერდნენ აღშფოთებული მოქალაქეები.
მსგავსი რეაქციის შემდეგ ყარაბაღელი დევნილებისთვის დერეფნის გახსნის საქმე ჩაიფარცხა. ეს – ოფიციალურად, მაგრამ არაოფიციალურად ჩასახლების პროცესი სომეხი მფარველების ძალისხმევით არათუ გაგრძელდა, არამედ კიდევ უფრო ინტენსიური სახე მიიღო.
“არ მჯერა, რომ ჩვენს სახელმწიფოში არავინ უწყის, რა ხდება. სომხებით გაივსო აფხაზეთი და ისინი უკვე ჩვენზე – აფხაზებზე მეტნი არიან. ასეთი ტემპებით აფხაზეთი მალე სრულად იქცევა სომხურად და ეს თითქოს არავის აღელვებს! არადა, აფხაზეთსა და აფხაზებს ეს ძალზე სერიოზული შედეგებით ემუქრება. დავიჯერო, ეს არ ესმით?!” - წუხს ჩვენი გაგრელი თანამოსაუბრე.
ასე, რომ პრობლემა რეალურად არსებობს, თანაც უკვე დიდი ხანია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეუძლია, განაგრძოს “ქართული კარტის” გათამაშება მოსახლეობაში თბილისის მიმართ უსაფუძვლო შიშის გასაღვივებლად, რის მიზანსაც ამ ფონზე აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი რუსული ინტერესების რეალიზება წარმოადგენს. სერგეი შამბასა და დანარჩენებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, კვლავაც მიაწერონ “ანტისომხური” და სხვა ნარატივები “მტრის სპეცსამსახურებს” - ქართულს, აზერბაიჯანულს თუ ზიმბაბვიურს. მაგრამ აფხაზური საზოგადოებისთვის საჭირბოროტო პრობლემებს, მათ შორის – დემოგრაფიულს, ეს, რაღა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებს.
ეკა ცანავა