
ზეწოლა დაეხმარა მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკის შემცირებას – შოლცი
08/12/2022 09:24:40 ევროპა
საერთაშორისო ზეწოლა დაეხმარა მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკის შემცირებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიაჯგუფ Funke-სთან ინტერვიუში ისაუბრა
„ამ მომენტისთვის შეიცვალა ერთი რამ: რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა იმის საპასუხოდ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი გაავლო“, - განაცხადა შოლცმა.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვების კომენტირებისას მოსკოვისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, შოლცმა თქვა, რომ პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის ომის შეჩერება და ჯარების გაყვანა უკრაინიდან.
„კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ მივაღწიოთ ევროპის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ რუსეთთან ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ. ჩვენ ეს ომამდეც შევთავაზეთ და პოზიცია არ შეცვლილა“, - განმარტა გერმანიის კანცლერმა.
3 დეკემბერს TF1-თან და LCI-თან ინტერვიუში მაკრონმა მოუწოდა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე დაფიქრებისკენ, როგორც "მშვიდობიანი დარეგულირების ერთ-ერთი ფაქტორი" მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისას.
7 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ბირთვული ომის რისკი იზრდება, მაგრამ მოსკოვი დაუფიქრებლად არ გამოიყენებს ასეთ იარაღს: „ჩვენ არ გავგიჟებულვართ“.
„ჩვენ ვიაზრებთ, რა არის ბირთვული იარაღი. ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს მასშტაბით სირბილს და ამ იარაღის საპარსივით ქნევას“, - თქვა პუტინმა მას შემდეგ, რაც თავად დაემუქრა დასავლეთის ქვეყნებს „ყველა საშუალების გამოყენებით“, ხოლო უშიშროების საბჭოს მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ოთხჯერ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული ძალების გამოყენება უკრაინასთან კონფლიქტში, თავად კრემლის პროპაგანდა კი მუდმივად ამ თემაზე აქცენტირებს.
შეერთებულმა შტატებმა შემოდგომაზე ორჯერ გააფრთხილა კრემლი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების "კატასტროფული შედეგების" შესახებ. ვლადიმირ პუტინის პასუხი იყო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა 3 დეკემბერს.