რუსი სამხედრო: “გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინული მიწა ჩვენი გვამებით დაფარონ”

08-12-2022 13:47:17 ეს საინტერესოა

"ვერ ვხედავ სანგრებში სკაბეევას, სოლოვიოვის, კისელიოვის, როგოზინის, ლავროვის, მედვედევის შვილებს, სამაგიეროდ მუდმივად მესმის მათგან მოწოდებები მკვლელობისკენ", - გერმანიაში უკრაინის ომგამოვლილი რუსი მედესანტეს – პაველ ფილატიევის წიგნი გამოიცა.

გერმანულ ენაზე გამოცემული "ZOV 56: აკრძალული მოთხრობა"-ს ქვესათაური ასე ჟღერს: "ეს ომი ყველაზე უარესია, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო”.

ჰამბურგის გამომცემლობა “Hoffmann und Campe”-ს გამოცემა 23 ევროდაა შეფასებული. გაყიდვებიდან შემოსული თანხა უკრაინის დასახმარებლად მიიმართება, - უამბეს DW-ს გამომცემლობაში.

"ოდესმე გსმენიათ ჭურვის მოახლოების ხმა? თუ არა, სამწუხაროა. ეს დაუვიწყარი შეგრძნებაა, როცა ჰაერის ვიბრაციისა და სტვენის მსგავსი ხმისგან მთელი შიგნეულობა გიყირავდებათ და სუნთქვა გეკვრით <...>" - წერს რუსი მედესანტე.

ვოლგოგრადის ოლქში დაბადებული პაველ ფილატიევი პროფესიონალი სამხედროა. ავტორის აღწერის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე, გვარდიის 56-ე სადესანტო-შემტევი პოლკის შემადგენლობაში იგი 2022 წლის თებერვლის ბოლოს – მეზობელ სახელმწიფოში რუსული არმიის შეჭრის პირველ დღეებში აღმოჩნდა, რის შემდეგაც გამოიარა "ტალახის, სიცივის, შიმშილის, ოფლისა და კეფაში სიკვდილის სუნთქვის შეგრძნების ორი კვირა".

წიგნის წერა რუსმა მედესანტემ ჰოსპიტალში დაიწყო. ფრონტის წინა ხაზზე გატარებული ორიოდ კვირის განმავლობაში ფილატიევს კერატოკონიუქტივიტი დაემართა და თვალის სამკურნალოდ ჰოსპიტალში გაამწესეს. მას შემდეგ მედესანტე ფრონტზე აღარ დაბრუნებულა. მან გადაწყვიტა, დეტალურად აღეწერა ყველაფერი, რაც ომში გადახდა თავს და გამოეთქვა საკუთარ აზრი შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზებისა და მთლიანობაში იმის შესახებ, რა სჭირს დღეს რუსეთს:

"სამწუხაროა, რომ ფრონტის წინა ხაზზე რეპორტიორებს არ უშვებენ: მთელი რუსეთი “დატკბებოდა” ძვლად და ტყავად ქცეული, დაუბანელი, ნაშიმშილები, გაავებული რუსი მედესანტეების ხილვით <...>. ჩვენი ბიჭების ნახევარი ტანსაცმელს იცვლიდა და უკრაინულ ფორმაში დადიოდა, რომელიც უფრო ხარისხიანი და კომფორტულია. თუმცა მთავარი მიზეზი საკუთარის გაცვეთაა, ჩვენს დიად ქვეყანას ისიც კი არ ძალუძს, რომ საკუთარ ჯარს ჩააცვას, დააპუროს და აღჭურვოს. მე, მაგალითად, იმთავითვე არ მქონდა კომპლექტი "Ратник" და საზღვარს ისე ვკვეთდი, საძილე ტომარაც კი არ მებადა. დაახლოებით ერთ კვირაში ბიჭებმა ძველი მომიტანეს, რომელიღაც დაღუპული მეომრის ნახმარი, თორემ მეთაურებს არაფერი მოუციათ <...> შემდგომში შევიტყვე, რომ ცივ მიწაზე ძილის, წყლისა და საკვების დეფიციტის, ზედატვირთვების გამო ხერხემლის ყველა ნაწილის ოსტეოქონდროზი, პროტრუზიები, კისრის თიაქარი, სეკვესტრირებული თიაქარი წელის არეში და კიდევ ერთი დაუდგენელი სენი დამემართა, რომლის გამოც ქვედა კიდურები საშინლად მტკიოდა" – წერს რუსი სამხედრო.

ფილატიევმა ტექსტის ცალკეული ნაწილები ჯერ რუსულ სოცქსელ "Вконтакте"-ში განათავსა, ხოლო შემდეგ წიგნი სრული სახით გამოაქვეყნა ონლაინ და მას შემდეგ იგი სხვადასხვა ქსელებში ცირკულირებს. კიდევ მოგვიანებით ფილატიევმა უფლებადამცველების დახმარებით დატოვა რუსეთი, სადაც მას სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ახლა კი საფრანგეთში მცხოვრები ყოფილი სამხედროს წიგნი უკვე რამდენიმე ენაზეა გამოცემული.

"ომი და მშვიდობა" ახლებურად

"... ეს ნამდვილი საშინელებაა! გამოფხიზლდით! ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, მართლმადიდებლები! ჩვენ არ ვართ მტრები, უბრალოდ დაგვგეშეს, როგორც ძაღლები და ჩვენც, ვიგრძენით რა სისხლი, ვეღარ ვჩერდებით! სად ჯანდაბაშია ამ დროს ყველა ეს ქრისტიანული ეკლესია?!" - ემოციურ ტექსტში ავტორი უამრავ განსხვავებულ თემას ეხება.

წუხს რა რუსულ ჯარში არსებული “კატასტროფული მდგომარეობის” გამო, იგი დარდით იხსენებს 52 წლის ასაკში გარდაცვლილ მამას – ასევე პროფესიონალ სამხედროს, რომელსაც ჯანმრთელობა იუგოსლავიასა და ჩეჩნეთში შეერყა, სახელმწიფომ კი სათანადო სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩინა.

"ვერ ვხედავ სანგრებში სკაბეევას, სოლოვიოვის, კისელიოვის, როგოზინის, ლავროვის, მედვედევის შვილებს, სამაგიეროდ მუდმივად მესმის მათგან მოწოდებები მკვლელობისკენ. რომელი დეპუტატის შვილია ნეტა ფრონტზე? თუ მათი შვილები უფრო ნიჭიერები და გონიერები არიან, ვიდრე მუშებისა და გლეხების ვაჟები, რომლებიც იმ სასაკლაოზე ათასობით იხოცებიან? ან იქნებ, მშობლებს არ უნდათ მათთვის ჩვენნაირი ბედი, როცა ბევრი ომში იმიტომ მიდის, რომ ეს იმ მომენტისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა? უამრავი ავადმყოფი და ხანდაზმულია ირგვლივ, ჩვენ კი ვაჩაღებთ ომს, რომელშიც ახალგაზრდა ჯანმრთელი მამაკაცები გვეხოცებიან! <...>. ჩვენ არ გვჭირდება იმპერია, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება სულ სხვა რამ – ნორმალური, თავისუფალი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო, სადაც შევძლებთ, ვიცხოვროთ, ვიშრომოთ, განვვითარდეთ და გვიყვარდეს. მე ღმერთის მწამს, მაგრამ ვერ ვხედავ ღმერთს ჩვენს ეკლესიაში, ვერ ვხედავ მას სასულიერო პირებში, რომლებიც ჩვენი ძმების მკვლელობის კურთხევას გვაძლევენ. ჩემს გაგებაში, აღზრდაში, სინდისსა და გულში ერთადერთი დასაშვები საფუძველია მკვლელობისთვის - თავდასხმისას საკუთარი თავის გადარჩენა <...> ან სამშობლოს დაცვ თავდამსხმელისგან".

ფილატიევი აკრიტიკებს ომის როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს: "ერთნი სითბოსა და სიმყუდროვეში სხედან და გაჰკივიან, რომ რუსობა სირცხვილად იქცა. თუ რუსობის გრცხვენია, მაშინ მოიკალი თავი, არაკაცო! ომის გამო გრცხვენია? ჰოდა ადექი, წადი და მიაღწიე ხელისუფლებისგან მის შეწყვეტას! სხვანი გაჰკივიან, “რუსეთი დიადი სახელმწიფოა და მთელს დანარჩენ მსოფლიოს ჩვენი განადგურება სურსო”, მაგრამ ამ დროს ქვეყნისთვის არაფრის გაკეთება არ სურთ, - არ სურთ, მოიქცნენ, როგორც სრულფასოვანი, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები და ზეგავლენა მოახდინონ რუსულ პოლიტიკაზე, როცა ამ საშინელ Z-სიმბოლოებს აკრავენ საკუთარი ძვირადღირებული ავტოების წინა მინაზე. ჰგონიათ, ამით შეიტანენ საკუთარ წვლილს გამარჯვებაში? მოემზადონ და გაემგზავრონ ფრონტზე, არაკაცები! მაგრამ მანამდე გაიხსენონ, რას ამბობდნენ ჩვენი წინაპრები: ისინი მარტო გამარჯვების სადღეგრძელოს კი არ სვამდნენ, იმასაც ამბობდნენ, “ოღონდ ომი არ იყოსო"...

წიგნი, რომელიც სრულდება გერმანულ- და რუსულენოვანი მოწოდებით "NEIN ZUM KRIEG! НЕТ ВОЙНЕ!" (“არა ომს!”), გერმანიაში “პუბლიცისტურ სენსაციად” მონათლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები