
მედია –პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 23 პირი, მათ შორის ორი ქართველი დააკავეს
08/12/2022 18:06:25 სამართალი
პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ, – იუწყება პოლონური მედია.
მისი ცნობით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. საქმეზე საერთო ჯამში, დაკავებულია 23 ადამიანი, მათ შორის საქართველის ორი მოქალაქე, რვა პოლონელი, ცხრა უკრაინელი, ორი ტუნისელი, ერაყელი და ბელარუსი. 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია ატარებს.
ამასთან, „ევროპოლი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ იანვრიდან დღემდე ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის ჯამში, 61 ადამიანია დაკავებული. „ევროპოლის“ ცნობით, ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3 000-დან 15 000-მდე ევროს ითხოვდნენ.