
ევროკავშირის საბჭომ სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების უკანონოდ ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება დაამტკიცა
08/12/2022 19:33:37 პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება.
ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე“, ასევე, „წარმოადგენს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგს“.