
მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა
24/10/2019 10:05:50 კონფლიქტები
მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„2010 წლიდან "წითელი ჯვრის" ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი: ორმხრივი – ქართულ-აფხაზური და სამმხრივი – ქართულ-რუსულ–ოსური, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და იდენტიფიცირებულია 178 პირი და მათი ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა. თუმცა, 2300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა", -განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრი მოუწოდებს ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგული ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას.
მისი თქმით, კომისიის შემადგენლობაში ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი შედის.