Accentnews.ge
გროზნო ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობაში ახმედ ზაკაევს ადანაშაულებს

გროზნო ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობაში ახმედ ზაკაევს ადანაშაულებს

09/12/2022 09:09:26 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "Грозный"-ს ხელმძღვანელმა ჩინგიზ ახმადოვმა განაცხადა, რომ ცნობილი ოპოზიციონერი ბლოგერის - ტუმსო აბდურახმანოვის შესაძლო მკვლელობის უკან იჩქერიის რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი დგას და რომ მკვლელობა შესაძლოა, დევნილი მთავრობის შესახებ ბლოგერის გამონათქვამებს უკავშირდებოდეს. ამასთან, ამ ვერსიის არანაირი საფუძვლები და მტკიცებულებები ახმადოვს არ მოუყვანია.

არადა, ცნობილია, რომ აბდურახმანოვი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა სწორედაც რომ ჩეჩნეთის ამჟამინდელ - კრემლის მიერ ხელდასმულ რეჟიმს, მის ლიდერ რამზან კადიროვსა და პარლამენტის სპიკერ მაგომედ დაუდოვს, რომლებმაც აბდურახმანოვს "სისხლიანი შურისძიება" გამოუცხადეს.

ახმედ ზაკაევს ახმადოვის ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მაგრამ 6 დეკემბერს მან ტელეარხ "Киев"-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ აბდურახმანოვის საქმიანობა "ძალზე მტკივნეულია კადიროვისა და მისი გარემოცვითვის" და რომ "მსგავსი შესაძლებლობის გამოჩენის შემთხვევაში ისინი ბლოგერის ლიკვიდაციას ეცდებიან".

ცნობისთვის: ტუმსო აბდურახმანოვმა რუსეთი თავის დროზე სწორედ კადიროვის ნათესავებთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა. გარკვეული პერიოდი იგი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უარი განუცხადა, რის შემდეგაც ბლოგერმა ევროპას, კერძოდ, შვედეთს შეაფარა თავი.

აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 1 დეკემბერს გაჩნდა. მოგვიანებით, 5 დეკემბერს, კადიროვის კრიტიკოსის მკვლელობის შესახებ ცნობა გაავრცელა ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა 1ADAT-მაც, ასევე დაადასტურა ჩეჩნური დიასპორის ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ მასხადოვმაც. თუმცა შვედეთის პოლიცია აბდურახმანოვის მკვლელობას ამ დრომდე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S