
გერმანიაში წლის სიტყვად უკრაინის ომის შესახებ შოლცის ფრაზა აირჩიეს
09/12/2022 12:51:16 ევროპა
გერმანული ენის საზოგადოებამ, რომელიც ირჩევს წლის სიტყვას, Zeitenwende აღიარა წლის სიტყვად გერმანულში - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ის გამოიყენა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში.
Zeitenwende ითარგმნება როგორც "გარდამტეხი მომენტი".
"ეს სიტყვა, რომელიც ახალი არ არის და ნიშნავს ქრისტიანული ეპოქის დასაწყისს, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერ გადასვლას ახალ ეპოქაში, მეორე მნიშვნელობით აქტიურად გამოიყენებოდა კანცლერ შოლცის მიერ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო "გარდამტეხი მომენტი ჩვენი კონტინენტის ისტორიაში". ამავე კონტექსტში ფედერალურმა პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ისაუბრა "ეპოქალურ გარდატეხაზე", - ნათქვამია ენის საზოგადოების განმარტებაში.
ჟიურის შეფასებით, მეორე ადგილი დაიკავა ფრაზამ Krieg um Frieden - "ომი მშვიდობისთვის".
"ერთი შეხედვით აბსურდული გამოთქმა "ომი მშვიდობისთვის" ასევე ეხება რუსეთ-უკრაინის ომს. მოსკოვის პროპაგანდისთვის ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ბევრისთვის, განსაკუთრებით ნატო–ში, ეს დაპყრობითი ომია. პაციფისტური ტრადიციების მქონე პოლიტიკურ პარტიებშიც კი გავრცელდა იდეა უკრაინის შეიარაღებული მხარდაჭერის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ მისი სახელმწიფო მთლიანობის დასაცავად და შემდგომში აღმოსავლეთ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, - განმარტავს საზოგადოება.