
რუს სამხედროთა შორის დაღუპულთა 15% ოფიცერია – მედია
09/12/2022 17:52:20 მსოფლიო
9 დეკემბრის მდგომარეობით, BBC-ის რუსულმა სამსახურის და „მედიაზონას“ ჟურნალისტებმა უკრაინის ომში 10 002 რუსი სამხედროს დაღუპვის დადასტურება შეძლეს. მათგან 430 მობილიზებული იყო.
დაღუპულთა რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის კრასნოდარის ოლქმა (428 დაღუპული), მეორეზეა დაღესტანი (363 ადამიანი), ხოლო ბურიატია მესამეზე (356 ადამიანი).
ჟურნალისტების ცნობით, დაღუპულთაგან 1509 ადამიანი, ანუ 15% ოფიცერია. დაღუპულთა შორის იყო ოთხი რუსი გენერალი და 49 პოლკოვნიკი. ომის მეათე თვისთვის რუსული არმიის ყველაზე მეტი დანაკარგი - 17% მოდის ქვეითებზე.
რუსი ჟურნალისტების მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ზონაში 394 რუსი წვევამდელი დაიღუპა. კიდევ 36 გარდაიცვალა რუსეთში - ძირითადად, გულთან დაკავშირებული პრობლემების, უბედური შემთხვევების ან ალკოჰოლის ჭარბი დოზით გამოყენების გამო. ამასთან, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მობილიზებულებს შორის რეალური დანაკარგები შესაძლოა, უფრო მეტი იყოს, რადგან დაღუპულთა შესახებ ბევრ ინფორმაციში მათი სტატუსი მითითებული არაა.
დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებდნენ. ისინი ეყრდნობიან ღია წყაროებში გამოქვეყნებულ მონაცემებს. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სიაში შესაძლოა, მინიმუმ 40-60%-ით ნაკლები სახელი იყოს, ვიდრე
რეალურად დაკრძალეს რუსეთში. ამ დასკვნამდე ჟურნალისტები რუსეთის 60-ზე მეტ დასახლებაში არსებულ სასაფლაოებზე ვითარების შესწავლის შემდეგ მივიდნენ. ამას ემატება უგზო–უკვლოდ დაკარგულთა ასევე არარსებული მონაცემები.
„შესაბამისად, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში რუსული არმიისა და ეროვნული გვარდიის დანაკარგები შეიძლება იყოს 20 000-ზე მეტი ადამიანი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ უკანასკნელად განაცხადა მობილიზაციის დაწყების დღეს - 21 სექტემბერს გააკეთა. სერგეი შოიგუს მტკიცებით, დაიღუპა 5937 სამხედრო. პენტაგონმა ნოემბერში განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ დაკარგეს დაახლოებით 100 000 ადამიანი. ეს მოიცავს დაღუპულებსაც და დაჭრილებსაც.