ღარიბაშვილი: "ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%–ის მფლობელი სახელმწიფო იქნება"

12-12-2022 14:20:37 პოლიტიკა ,ეკონომიკა

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 %–ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორი კომპანიების შესარჩევად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, "ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და ქვეყანას არბიტრაჟში უჩივლეს".

„ყველას კარგად მოეხსნება, რომ, ჯერ კიდევ, 20016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ეს პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდანაც მივმართეთ, განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება. ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, სამჯერ, ოთხჯერ და ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები აქვთ ინვესტორებისგან მოზიდული 20-25 მლნ დაახლოებით. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას. მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც. ითხოვდა გზების, რკინიგზის მიყვანას. ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი მიეღო. ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. და რატომ? უჩვილეს ქვეყანას არბიტრაჟში და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა. ეს იყო ჩვეულებრივ გამდიდრების და ძარცვის იდეა. რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები