
სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას საკუთარი გამანადგურებლები გადასცეს
12/12/2022 11:07:41 ევროპა
სლოვაკეთი მზადაა, უკრაინაში თავისი გამანადგურებლები – მიგ-29–ები გადასცეს. ამისთვის მზადება შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს,– იუწყება უკრაინული მედია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რასტილავ კაჩერზე დაყრდნობით.
„მიგ-29–ები ჯერ არ გადმოგვიცია, მაგრამ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ. ნატო–ში პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა მან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზე.
"ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა აუხსნა თქვენს პრეზიდენტს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. და ვფიქრობ, რომ უკრაინული დელეგაცია ჩამოვა სლოვაკეთში უახლოეს კვირებში და ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ეს რეალობად იქცეს... მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მალე მოხდება და თვითმფრინავები უკრაინაში იქნებიან“, - განაცხადა რასტისლავ კაჩერმა.
მან დასძინა, რომ გამანადგურებლების გადაცემის შესახებ დისკუსიის დეტალებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, რათა პროცესს ზიანი არ მიაყენოს.
1 სექტემბრიდან პოლონეთის გამანადგურებლებმა დაიწყეს პატრულირება სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ვარშავასა და ბრატისლავას შორის შეთანხმების შესაბამისად.
ითვლება, რომ ეს შეთანხმება ხსნის გზას სლოვაკური მიგ–29–ების უკრაინისთვის გადაცემისთვის. სანაცვლოდ სლოვაკეთი დასავლურ გამანადგურებლებს მიიღებს.