
ბელარუსი წინაპირობების გარეშე დათანხმდა უკრაინული მარცვლეულის საკუთარ ტერიტორიაზე გატარებას – გაერო
12/12/2022 13:23:46 ევროპა
ბელარუსი წინაპირობების გარეშე დათანხმდა მარცვლეულის ტრანზიტს უკრაინიდან თავისი ტერიტორიით ლიეტუვას პორტებში,– ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იური ამბრაზევიჩს შეხვდა.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეატყობინა გენერალურ მდივანს, რომ ბელარუსი დათანხმდება უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს მისი ტერიტორიის გავლით ლიეტუვას პორტებიდან ექსპორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, მინისტრის მოადგილემ „დაადასტურა მისი მთავრობის მოთხოვნა ბელარუსის სასუქების ექსპორტისთვის, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებენ“.
The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ადრე წერდა, რომ გუტერეშმა შესთავაზა შეზღუდვების შემსუბუქება რუსეთიდან და ბელორუსიიდან კალიუმის სასუქების ექსპორტზე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გატარების სანაცვლოდ.
მოგვიანებით გაზეთმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს ბელარუსული კალიუმის სასუქებზე სანქციების დროებით მოხსნის შესაძლებლობას უკრაინული მარცვლეულის ბელარუსის გავლით ტრანზიტის სანაცვლოდ. ვარაუდობდნენ, რომ უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდება ბელარუსის გავლით ლიეტუვას პორტ კლაიპედამდე სარკინიგზო გზით განხორციელდებოდა.
ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ბელარუსის წინადადება არის სანქციების თავიდან აცილების კიდევ ერთი მცდელობა.
"უკრაინული მარცვლეული უკვე მიდის პოლონეთისა და სხვა ქვეყნების გავლით ბალტიისპირეთის პორტებში. ეს არის ხაფანგი. ნუ ჩავვარდებით მასში", - განაცხადა მან.