Accentnews.ge
რა ესაქმება აფხაზეთს ОДКБ-ს ნანგრევებსა და სხვა განწირულ რუსულ საინტეგრაციო პროექტებში

რა ესაქმება აფხაზეთს ОДКБ-ს ნანგრევებსა და სხვა განწირულ რუსულ საინტეგრაციო პროექტებში

13/12/2022 08:49:47 კონფლიქტები

აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრმა” ინალ არძინბამ “РИА Новости”-სთან ინტერვიუში “რესპუბლიკის დაინტერესება” გამოთქვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან (კუშო) კონტაქტების განვითარებასა და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებაში. "კუშო სადღეისოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჩვენ ვხედავთ მის ეფექტურ მუშაობას. გავიხსენოთ თუნდაც, რაოდენ ეფექტურად იმოქმედეს არცთუ დიდი ხნის წინ ამ გაერთიანების ძალებმა ყაზახეთში, - რაღა თქმა უნდა, რუსეთის ლიდერობით”, - განაცხადა კრემლის ახალგაზრდა შეგირდმა რუსი ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც კუშო-ში აფხაზეთის შესაძლო გაწევრიანებას ეხებოდა.

როგორ წარმოუდგენია ინტერვიუერს ხსენებულ ორგანიზაციაში აფხაზეთის წევრობა იმის გათვალისწინებით, რომ იგი რუსეთის გარდა, კუშო-ს არც ერთი სხვა წევრის მიერ არაა აღიარებული, “მეასეხარისხოვანია”, - მთავარია, მან მიიღო დაკვეთილი პასუხი დაკვეთილ კითხვაზე საზოგადოებრიობის თვალში მოსკოვისა და მის მიერ ინიცირებული საინტეგრაციო პროექტების საგრძნობლად შელახული ავტორიტეტის მხარდასაჭერად. მაგრამ ამის შემდგომ კუშო-ს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ გააცამტვერა ინალ არძინბას კრემლისტური ნარატივები როგორც ამ ორგანიზაციის “ეფექტურობის”, ისე მასში რუსეთის “ლიდერობის” თაობაზე: კუშო-ს სამიტმა, რომელიც 23 ნოემბერს ერევანში გაიმართა, საბოლოოდ გამოიტანა სააშკარაოზე ორგანიზაციის შიგნით მომწიფებული უთანხმოებებიცა და ის ფაქტიც, რომ წევრი ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არა მარტო თავისი წევრობის, არამედ თავად კუშო-ს არსებობის გაგრძელების მიზანშეწონილობასაც.

“ჩვენთვის ნათელია, რომ კუშო-ს ფარგლებში ერთობლივ მუშაობას ხილული პრაქტიკული სარგებელი მოაქვს: ეს წევრ ქვეყნებს გვეხმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცულობის უზრუნველყოფაში” – განაცხადა ერევნის სამიტის მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მაგრამ ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე წუთში განვითარებულმა მოვლენებმა თვალნათლივ აჩვენა მასაც და პროცესზე დამკვირვებლებსაც, რომ კუშო-ს სხვა წევრი ქვეყნებისთვის პუტინის მიერ “ნათლად” შეფასებული ნათელი სულაც არაა.

დავიწყოთ სამიტის მასპინძელი სომხეთით. 23 ნოემბერს ერევანში ჩასულ რუს ლიდერს დახვდნენ მასშტაბური საპროტესტო აქციითა და ლოზუნგებით “პუტინი ქურდი და მკვლელია!”, “არამეგობრული ქვეყნების ლიდერების ადგილი სომხეთში არ არის!”, “სომხეთს არაფერი ესაქმება კუშო-ში!”, “დიდება უკრაინას!”. ნათელია, რომ აზერბაიჯანთან უკანასკნელმა – 2022 წლის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა სომხური საზოგადოების დამოკიდებულებაში “სტრატეგიული პარტნიორი” რუსეთის მიმართ. “ერევანში რომ ნებისმიერ შემთხვევით გამვლელს გაესაუბროთ, მიხვდებით, რომ ადამიანები პრორუსულად განწყობილები არ არიან, რადგან ვერ მიიღეს რუსეთისგან ის, რასაც ელოდნენ - ვერც ყარაბაღის ომის დროს, ვერც მაშინ, როცა ომი ფაქტობრივად, უკვე სომხეთის ტერიტორიაზე იყო გადმოსული. გარდა ამისა, არსებობს ჩვეულებრივი ადამიანური ემპათია და ცხადია, რიგითი სომხები გულშემატკივრობენ უკრაინას: ნორმალური ადამიანი ხომ უბრალოდ ვერ იქნება იმ სახელმწიფოს [რუსეთის – რედ.] მხარეს, რომელიც სხვა სახელმწიფოს [უკრაინას – რედ.] დაესხა თავს” – ყვებიან ადგილობრივი მიმომხილველები.

ასეთია სომხეთის რიგითი მოქალაქეების განწყობა. რაც შეეხება ხელისუფლებას, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის “ბრალეულობით” ერევნის სამიტი საერთოდაც სკანდალით დასრულდა: კუშო-ს ქვეყნებს ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად სომხეთის დახმარების შესახებ დოკუმენტისთვის უნდა მოეწერათ ხელი და ამჯერად ერევანი პარტნიორებისგან უკვე არა სამხედრო, არამედ მხოლოდ დიპლომატიურ მხარდაჭერას ელოდა, მაგრამ ისიც კი ვერ მიიღო – და ფაშინიანმა დოკუმენტში “სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების მკაფიო პოლიტიკური შეფასების არარსებობის” საბაბით მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ამასთან, მან ხისტი ფორმით დააფიქსირა კუშო-ს მუშაობით უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის, ისე თავად ალიანსის არსებობის გაგრძელების მიზანშეწონილობა: “კუშო-ს პასუხისმგებლობის ზონა არ არსებობს, ხოლო თუ პასუხისმგებლობის ზონა არ არსებობს, მაშასადამე, არც ორგანიზაცია არსებობსო”.

სომხეთის ხელმძღვანელის ამ განცხადებამ, რომელშიც კუშო-ს მოქმედება ფაქტობრივად ფიასკოდაა შეფასებული, დამატებითი ბიძგი მისცა ორგანიზაციის მოსალოდნელი დაშლის შესახებ მიმდინარე საუბრებს. ფაშინიანი ხომ პირველი არაა, ვინც ამ ალიანსის არსებობის გაგრძელების მიზანშეწონილობაში დაეჭვდა. გარდა ამისა, სომხეთი არაა ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც პრეტენზიები აქვს საკუთრივ რუსეთის – ანუ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის ინიციატივითაც ჩამოყალიბდა თავის დროზე და რომლის პატრონაჟითაც მოქმედებდა დღემდე კუშო. ალბათ, ყველას გვახსოვს ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონის 14 ოქტომბრის სკანდალური გამოსვლა ასტანაში, სამიტის “ცენტრალური აზია – რუსეთი” მვლელობისას: მან რუსეთთან თანამშრომლობას კრიტიკული შეფასება მისცა და ვლადიმირ პუტინს საჯაროდ მოსთხოვა ტაჯიკეთისადმი სათანადო პატივისცემა. გვახსოვს პეტერბურგის იანვრის ეკონომიკური ფორუმიც, რომლის მსვლელობისას პუტინს საჯაროდ “მიუჩინა ადგილი” კუშო-ს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის – ყაზახეთის ლიდერმა: ქასიმ-ჟომართ ტოკაევმა უარი განაცხადა, მოსკოვის კვალდაკვალ ეღიარებინა რუსეთის მიერ დაპყრობილი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, რომელთაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად “კვაზისახელმწიფოები” უწოდა. ხოლო თუ ამ დღეებში პრესაში გაჟონილი არაოფიციალური ინფორმაციით ვიმსჯელებთ, 23 ნოემბერს ერევანში პუტინთან საუბრისას ყაზახეთის პრეზიდენტმა მას კუშო-ს რიგების დატოვების განზრახვის შესახებ აცნობა და პასუხად მიიღო თხოვნა, ორგანიზაციაში კიდევ ერთი წლით – 2023 წლის ნოემბრამდე მაინც დარჩეს.

ყველა ამ მოვლენის მიზეზებში უკეთ გასარკვევად გთავაზობთ, კუშო-ს საწყისებს დავუბრუნდეთ. “კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ” შეთანხმება, რომელსაც 30 წლის წინ, 1992 წელს ტაშკენტში მოეწერა ხელი, სსრკ-ის დაშლის ეპოქის ერთ-ერთ რუდიმენტს წარმოადგენს. რუსეთს კუშო, ისევე, როგორც დსთ, ევრაზესი და მისი ინიციატივით ჩამოყალიბებული სხვა პოსტსაბჭოთა საინტეგრაციო პროექტები, უპირველესად, “სუპერდერჟავის” იმიჯის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა, ანუ ლიდერი ქვეყნისა იმ რეგიონულ კავშირებში, რომლებიც მის მიერ ნაკარნახები წესებითა და მისივე გარანტიებით იარსებებდნენ. მსგავსი კავშირების სხვა წევრები მოსკოვის თამაშის წესებს ეთანხმებოდნენ, რუსეთთან ასეთი “მეგობრობის” სანაცვლოდ კი იღებდნენ გარკვეულ სარგებელს უმთავრესად რუსულ ბაზარზე წვდომისა და კრედიტების სახით. თუმცა იყო კიდევ ერთი რამ: სსრკ-ის დაშლის შემდეგ მათ სჭირდებოდათ საკუთარი არმიები, მაგრამ მათი შენახვა და შეიარაღება უზარმაზარ თანხებს საჭიროებდა – და რუსეთის მზადყოფნა, ამ ქვეყნებისთვის სამხედრო გარანტიები მიეცა, გარკვეული დროის განმავლობაში მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა. ყოველ შემთხვევაში, 1990-იან წლებში კუშო-ში 9 პოსტსაბჭოთა სახელმწიფო შედიოდა. მაგრამ შემდგომში, მსგავსი “მეგობრობის” სხვადასხვა “გვერდითი ეფექტების” გამოაშკარავების კვალდაკვალ, მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ კლება დაიწყო.

ერთ-ერთი ასეთი “გვერდითი ეფექტი” იმაში მდგომარეობდა, რომ კუშო, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად იქმნებოდა და დღემდე ასეთად პოზიციონირებს, მთელი ამ წლების განმავლობაში თავს არიდებდა შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩაბმას. თავს არიდებს დღესაც. სამაგიეროდ ეფექტურია წმინდა საპოლიციო როლში. მაგალითად, როცა 2022 წლის იანვარში ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მასობრივი პროტესტის ფონზე კუშო-ელ პარტნიორებს დახმარებისთვის მიმართა, მან ის მიიღო, თანაც სწრაფად და საკმაოდ ეფექტურად. განსხვავებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისგან, რომელსაც კუშო-ელმა პარტნიორებმა გარე მტრისგან თავდაცვაში დახმარებაზე უკვე რამდენჯერმე უთხრეს უარი, 23 ნოემბრის სამიტის ჩათვლით. ყაზახეთის იანვრის საპოლიციო მისია, რომელიც მასალის დასაწყისში მოყვანილ განცხადებაში კუშო-ს “მაღალი ეფექტურობის” დასტურად აფხაზმა “მინისტრმა” ინალ არძინბამაც ახსენა, ნათელს ჰფენს ამ ორგანიზაციის რეალურ მიზნებსა და ამოცანებს: კუშო – ეს უპირველესად, დაცვითი სტრუქტურაა, რომელიც წევრი ქვეყნების რეჟიმებს შიდა მოწინააღმდეგეებისგან (ოპოზიციისგან) იცავს და არა თავად ქვეყნებს – გარე მტრებისგან.

ორგანიზაციის შიგნით წლობით მზარდი უთანხმოებები კიდევ უფრო გამძაფრდა პუტინის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რუსეთის მიერ დაწყებულმა ამ ამაზრზენმა ომმა მისი კუშო-ელი მოკავშირეები ძალზე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მათ ხომ უკრაინის მიმართ პრეტენზიები არასოდეს ჰქონიათ და არ აქვთ, ომის მსვლელობა და რუსეთის ქცევა კი მათ წინაშე მთელ რიგ შემაშფოთებელ კითხვებს აყენებს: 1) ხომ არ მოუნდება რუსეთს სამომავლოდ, უკრაინის მსგავსად, “ნაცისტური”, “ფაშისტური”, “სატანისტური” ან კიდევ რაიმენაირი რეჟიმი კუშო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაშიც “შენიშნოს” და მისი შეცვლა სცადოს? სსრკ-ის აღდენის იმპერიალისტური გეგმა, ისევე, როგორც “რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროებასთან” დაკავშირებული მუქარები ხომ კრემლიდან უკვე არაერთგზის გაჟღერებულა, მაალითად, ყაზახეთის მისამართით; 2) არის კი რუსეთი იმდენად ძლიერი, რომ სამომავლოდაც ენდონ მას, როგორც დამცველს? უკრაინაში ომის 9 თვემ ხომ ნათლად აჩვენა, რომ რუსული ჯარის ძლევამოსილების შესახებ წარმოდგენა ძალიან შორს იყო რეალობისგან; 3) გაწყვიტა რა კავშირები დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებთან, რუსეთმა გაააქტიურა ურთიერთქმედება იმ რეჟიმებთან, რომელთა გავლენებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ლოზუნგითაც აყალიბებდა მოსკოვი თავის დროზე კუშო-ს. ასე, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის რუსეთთან კავშირი მნიშვნელოვანი იყო უპირველესად, ჩინეთისგან დისტანციის შესანარჩუნებლად, პუტინმა კი, არსობრივად, რუსეთი ჩინეთის უმცროს პარტნიორად აქცია; ცენტრალური აზიის კიდევ ერთ პრობლემას ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნებისა და ისლამიზმის ექსპანსიის საფრთხე წარმოადგენდა, ახლა კი ქაბულში მყოფი თალიბების რეჟიმი რუსეთის მოკავშირეა.

ამ კითხვებზე მეტ-ნაკლებად მისაღები პასუხები რუსეთს კუშო-ელი პარტნიორებისთვის, როგორც ჩანს, არ აქვს. ვერც ექნება. და ვერც ჩვეულად ითავხედებს მათთან - მოსკოვი დღეს იმ მდგომარეობაში აღარაა. ამიტომაც პირდაპირი პასუხის გაცემის მისია პუტინმა ბელარუს დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს დააკისრა. ამ უკანასკნელმაც განაცხადა, "თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, კუშო ვეღარ იარსებებს, ხოლო თუ რუსეთი დაიქცევა, ჩვენი ადგილი მის ნანგრევებშიაო". თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის ლიდერები თავის მომავალს კუშო-ს ნანგრევებში ხედავდნენ და მზად იყვნენ, ფსონები რუსეთის გამარჯვებაზე დადონ. მაღალი ალბათობით, ყველა მათგანს უკვე განსაზღვრული აქვს სათადარიგო ვარიანტები - მომზადებულია უკრაინასთან ომში რუსეთის მარცხისა და რეგიონში მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური დომინირების დასრულების შემთხვევისთვის.

საექსპერტო თანამეგობრობაში თვლიან, რომ ევრაზიის სივრცეში სამხედრო-პოლიტიკური კავშირები მომავალშიც იარსებებს, რადგან ამჟამინდელი კუშო-ს წევრი ცენტრალურაზიური ქვეყნები განწირულები არიან თანამშრომლობისთვის (ჩინეთი და ისლამიზმის საფრთხე ხომ არსად გაქრება), მაგრამ მსგავს კავშირებში რუსეთის წამყვანი როლი უკვე დღესაა სათუო. და ამაში მხოლოდ ვლადიმირ პუტინია დამნაშავე: თავისი იმპერიალისტური ამბიციებით მან გაანადგურა ყველაფერი, რაც შედარებით წარმატებულად მოქმედებდა სსრკ-ის ნანგრევებზე, ისევე, როგორც რუსეთის მონაწილეობით ყველა ახალი საინტეგრაციო პროექტისა და საერთოდაც მოსკოვთან სამომავლო ურთიერთქმედების ნებისმიერი ფორმატის პერსპექტივები.

მაშ საით ექაჩება აფხაზეთს მისი ხელმძღვანელობა, რომელიც კუშო-სკენ და იმთავითვე განწირულ სხვა რუსულ საინტეგრაციო პროექტებში მონაწილეობისკენ ისწრაფვის?

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S