
მისია - “უკვდავყო” მედვედევი
13/12/2022 10:35:24 კონფლიქტები
უახლოეს ხანებში აფხაზეთში დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივანი გაჩნდება. ამ გზით გადაწყვიტეს მოულოდნელად რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, უკვდავყონ “დიმონი”, იგივე “ДАМ”-ი (როგორც დაცინვით მოიხსენიებენ სამშობლოში რუსეთის ექს-პრემიერსა და ექს-პრეზიდენტს, ამჟამად კი – მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს) - ადამიანი, რომელიც კარიერის დასაწყისში რუსული ლიბერალ-დემოკრატიის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ “პუტინის მასხარად”, “გალოთებულ ლუზერად” და “განტევების ვაცად” იქცა.
მოულოდნელადო – იმიტომ ვწერ, რომ ბოლო დროის განმავლობაში აფხაზეთისა და მედვედევის ჩართულობით არანაირი პოზიტიური მოვლენა არ დაფიქსირებულა, “დიმონის” მიერ აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” ცნობის შესახებ ბრძანების ხელმოწერიდან კი (რაც მისი სახელობის ხეივნის დაარსების ოფიციალურ საბაბად სახელდება) უკვე 14 წელია გასული. დამეთანხმებით ალბათ, ცოტა არ იყოს, გვიანია “აფხაზეთის ისტორიაში უკვდავყოფის” გზით გულწრფელი სამადლობელისთვის...
ამ გადაწყვეტილების მცირერიცხოვანი მხარდამჭერები სოცქსელებში 14-წლიანი დაგვიანების ახსნას იმით ცდილობენ, რომ “უნდა გასულიყო დროის გარკვეული პერიოდი, რათა უკვე წლების სიმაღლიდან მიღებულიყო გააზრებული, აწონილ-დაწონილი, სამართლიანი გადაწყვეტილება”... კი ბატონო, მაგრამ სწორედ ეს არგუმენტი (რამდენიმე სხვასთან ერთად) აქცევს მედვედევის სახელის “უკვდავყოფის” ამჟამიდელ გადაწყვეტილებას, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, გადავხედოთ, სადამდე მიიყვანა აფხაზეთი მთელმა ამ წლებმა, რა მიიღო მან რეალურად და შესაბამისად, რამდენად ფასეული იყო დიმიტრი მედვედევის მიერ 2008 წელს ხელმოწერილი ბრძანება.
მაშინ, 14 წლის წინ, ბევრს აფხაზეთში გულწრფელად სჯეროდა ფართო საერთაშორისო აღიარების რეალური პერსპექტივის, ისევე, როგორც რუსეთის ჭეშმარიტად სტრატეგიულ-პარტნიორული და მეგობრული ზრახვების. მაგრამ დღეს, როცა უკვე სახეზეა 14 წლის განმავლობაში მხოლოდ რუსეთის, მისი სამი სატელიტი რეჟიმისა (ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია) და კუნძულოვანი მინი-სახელმწიფო ნაურუს მიერ აღიარების ფაქტი, აფხაზეთში ფართო საერთაშორისო აღიარების პერსპექტივის ყველაზე დიდ ოპტიმისტებსაც კი აღარ სჯერათ. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ ტოქსიკური კამპანიისთვის კრემლის კიდევ ერთი-ორი სატელიტი რეჟიმის მიერთებას სრულად ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა საერთაშორისო აღიარების გლობალურ სურათში ეს დიდად ვერაფერს შეცვლის. და არც რაიმე სხვა კუთხით მოუტანს აფხაზეთს სარგებელს, ისევე, როგორც არ მოუტანა აღიარებამ ნიკარაგუას, ვენესუელის, სირიისა და ნაურუს მიერ. ხოლო მზარდი საერთაშორისო იზოლაცია რუსეთისა, რომელმაც 14 წლის წინ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესში ლოკომოტივის როლი იტვირთა, ამ კუთხით ყველა სამომავლო შესაძლებლობას ფაქტობრივად სრულად ანულებს.
მაგრამ თავი დავანებოთ ფართო საერთაშორისო აღიარების საკითხს და ვნახოთ, რამდენად დამოუკიდებელია რეალურად რუსეთთან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად აფხაზეთი. “სტრატეგიული მეგობრის” მიერ ვალების ღრმა ორმოში ჩაგდებულს, მას სადღეისოდ არაფერი აბადია, რაზეც უნდა მიმართულიყო წლიდან წლამდე მოსკოვიდან მიმავალი ფულადი ნაკადები. უნიკალური ბუნებრივი რესურსების მქონე ტერიტორიაზე არც მეტ-ნაკლებად განვითარებული ეკონომიკაა, არც მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივა არადივერსიფიცირებული, თავიდან ბოლომდე რუსეთზე მიბმული ეკონომიკური კავშირების პირობებში. კრემლის მიერ ხელდასმული ჩინოსნები კი, რომლებიც წლიდან წლამდე მდიდრდებოდნენ რუსული ინტერესების გატარების სანაცვლოდ მოსკოვიდან “უანგაროდ” გამოგზავნილი თანხების გადანაწილებით, დღეს არწმუნებენ მოსახლეობას, რომ დამოუკიდებლად აფხაზეთი ვერაფერს მიაღწევს, რომ “აფხაზ ხალხს არ ძალუძს, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ამიტომაც უნდა უწილადოს ბუნებრივი, ტერიტორიული, ენერგეტიკული და სხვა აქტივები” რუსეთს, რომელმაც 14 წლის თავზე აფხაზი “უმცროსი ძმისგან” ვალების დაბრუნება მოითხოვა.
ფული არ გაქვს? - გადამიხადე სუვერენიტეტით!, - სწორედ ასე ხედავს აფხაზეთის მომავალს “სტრატეგიული მოკავშირე”, “ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის ლოკომოტივი” და “უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი”. წარმოუდგენიათ რა თავი ღმერთებად, კრემლის ბინადრები მოქმედებენ პრინციპით, “ღმერთმა გიბოძა – ღმერთი წაგართმევს” და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ცდილობენ, რუსეთს მიუერთონ ყველა, ვისაც ოდესღაც ყველა საერთაშორისო კანონისა და ნორმის დარღვევით ფსევდოდამოუკიდებლობა “უბოძეს”. აფხაზეთი ამ თვალსაზრისით მარტო არაა: ანალოგიური გეგმა აქვს კრემლს ე.წ. “სამხრეთ ოსეთთან” მიმართებაში, რომელსაც “დამოუკიდებლობა” იმავე 2008 წელს უბოძა ნატო-ში სწრაფვისთვის საქართველოს დასასჯელად (რაც, სხვათა შორის, მედვედევს ერთ-ერთ ინტერვიუში საჯაროდ აქვს აღიარებული), ასევე დნესტრისპირეთის მიმართ. იგივე გეგმის რეალიზებას ცდილობდა მოსკოვი ყარაბაღთან მიმართებაშიც, მაგრამ აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეუშალეს ხელი. იგივე გეგმა განახორციელა კრემლმა ამასწინათ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის მიმართაც, თუმცა მხოლოდ დროებით (ხერსონის შემთხვევაში – სულ ორიოდ თვით, მაგალითად) და ახლა კრემლის პროპაგანდისტები თავს იმტვრევენ, ღირს კი, უკრაინელების მიერ ხერსონის ოლქის გათავისუფლებას “რუსეთზე თავდასხმა” უწოდონ, თუ სჯობს, თავი შეიკავონ.
ამასთან, ერთ-ერთი რუსეთის იმ არაერთ წარმომადგენელს შორის, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის ანექსიურ გეგმებს ახმოვანებს, სწორედ დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევია – სწორედ ის “დიმონი”, რომელმაც 2008 წელს ე.წ. “სამხრეთ ოსეთთან” ერთად აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” აღიარების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი და რომლის სახელის “უკვდავყოფას” გეგმავენ ახლა აფხაზეთში. ივლისში თავის სკანდალურ ინტერნეტ-პუბლიკაციაში მედვედევი, კერძოდ, წერდა, რომ "ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ამჟამინდელი ტერიტორია რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შეიძლება, გაერთიანდნენ", რომ ყაზახეთი – ეს “ხელოვნური სახელმწიფოა, რომელიც ყოფილ რუსულ ტერიტორიებს აერთიანებს და დაკავებულია რუსების გენოციდით" და რომ “სანამ იქ რუსები არ შევლენ, წესრიგი არ იქნება". ამის შემდეგ “ДАМ”-ი მკითხველს გულწრფელად აცნობდა კრემლის სამომავლო გეგმებს: “ნაციონალისტების ბანდებისგან კიევისა და მალოროსიის ყველა სხვა ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ რუსეთი კვლავ გაერთინდება და წავალთ ახალ ლაშქრობაში ჩვენი სამშობლოს იმ საზღვრების აღსადგენად, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად მთავრდება". თავის ოპუსს მედვედევი “სამშვიდობო-ოპტიმისტური” ნოტით ასრულებდა: "ხალხები, რომლებიც ოდესღაც დიდ და ძლევამოსილ სსრკ-ში სახლობდნენ, კვლავ ერთად იცხოვრებენ ურთიერთგაგებასა და მეგობრობაშიო". აი, ასეთი “შესანიშნავი” დასაბუთება წარმოგვიდგინა “დიმონმა” სუვერენული ქვეყნებისა და ხალხების რუსეთთან ერთობლივი “ნათელი მომავლისთვის” იძულების.
სხვათა შორის, “აფხაზეთის ისტორიაში დიმიტრი მედვედევის სახელის უკვდავყოფის” იდეა სოხუმში არ დაბადებულა. მან გაიჟღერა მოსკოვში, ღონისძიებაზე, რომლის სახელწოდება აფხაზეთის მოსახლეობას ბევრ რამეზე უნდა მიანიშნებდეს. მრგვალი მაგიდის სახელწოდება იყო “რუსული შავიზღვისპირეთის ისტორია: ერთიანი ისტორიული სივრცის განვითარების პროცესში რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტებისა და მეგობრული სახელმწიფოების ჩაბმა”. ვფიქრობ, მსგავსი იდეების მატარებელი რუსული რეჟიმის წარმომადგენლის სახელის “აფხაზეთის ისტორიაში უკვდავყოფის” გადაწყვეტილების მიღებამდე აფხაზებს კარგად დაფიქრება ჰმართებთ.
და ბოლოს, უპრიანი იქნება მათი დაფიქრება მთლიანობაში რუსეთისა და საკუთრივ მედვედევის ამჟამინდელ საერთაშორისო იმიჯზეც: სულ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ სცნო და განაცხადა, რომ ამზადებს საფუძველს პუტინისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების საერთაშორისო ტრიბუნალის გზით გასასამართლებლად. მსოფლიო ლიდერები კონსტატირებენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ომს ვეღარ მოიგებს და მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის მოსახლეობის საჰაერო ტერორი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კრემლის სასოწარკვეთილებისა და იმედგადაწურულობის გამოხატულება. მაგრამ აგონიაში მყოფი პუტინის რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის მიერ ლინჩის წესით გასამართლების შიშით აგრძელებს რუსული არმიისთვის მისაწოდებლად მსოფლიოში შეიარაღების ძებნას. პირადად დიმიტრი მედვედევი კი, რომლის მისია ბოლო თვეებში მსოფლიოს რუსული ბირთვული იარაღით დაშინების მცდელობებით შემოიფარგლებოდა, აგრძელებს სოცქსელებში ამის მსგავსი სამარცხვინო გაბოროტებული ტექსტების პუბლიკაციას: “ტყუილად აქვთ ჩვენი შესაძლებლობების ამოწურვის იმედი! გაგრძელება იქნება! ყველას გეყოფათ!”.
სანამ მთელი ცივილიზებული სამყარო ყველა ხერხითა და საშუალებით პუტინის ტერორისტი ქვეყნისგან დისტანცირებასა და ამავდროულად კრემლის სიგიჟის შეკავებას ცდილობს, სოხუმის ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს საპირისპირო მიმართულებით სვლას და ძალით მიათრევს აფხაზეთს ბნელ მხარეს. და “არსაიდან” გაჩენილი სურვილი, ”აფხაზეთის ისტორიაში უკვდავყონ” იმგვარი პერსონა, როგორიც საერთაშორისო მასშტაბით იზოლირებული და დაგმობილი მედვედევია, აფხაზეთის იმიჯისა და მომავლისთვის საზიანო მორიგი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ეკა ცანავა