
რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 154 ფაქტია დადგენილი – უკრაინის გენპროკურატურა
13/12/2022 13:02:11 ევროპა
უკრაინის პროკურატურამ რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინაში სექსუალური ძალადობის 154 ფაქტი დაადგინა.
„კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები დეოკუპირებულ ტერიტორიებზე დგინდება. იქ მუშაობენ პროკურორების, საერთაშორისო ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მობილური ჯგუფები. რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მოყოლებული, პროკურორებმა დააფიქსირეს კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 154 ფაქტი. ორი პირის მიმართ საბრალდებო დასკვნა გადაიგზავნა სასამართლოში, ერთი პირი გასამართლებულია“, -იტყობინება უკრაინის გენპროკურატურა.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, შესაძლებელი გახდა დადგენა, რომ ხერსონის რაიონში რუსი სამხედროები ოთხი თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ ქალს, ხოლო 2022 წლის მარტიდან კიდევ ერთი ადგილობრივს სისტემატურად აწამებდნენ, კერძოდ, ასხამდნენ მდუღარე წყალს.
„გენდერული ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, როდესაც უკრაინელი დამცველების ცოლები გაჰყავდათ სახლიდან და აწამებდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
პროკურორებმა დაადგინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წამების, კერძოდ, გენიტიების ელექტროშოკერის გამოყენებით დასახიჩრების 30-ზე მეტი ფაქტი. ჯამში, ადგილობრივი მამაკაცების მიმართ ელექტროშოკერით წამების 100-ზე მეტი ფაქტი დადგინდა.
დეკემბრის დასაწყისში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში, რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, პოლიციელებმა აღძრეს 47,212 სისხლის სამართლის საქმე რუსეთის არმიის და მათი თანამზრახველების მიერ მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 48 ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუსეთის ჯარები უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ მოქალაქეებს. ასევე, აღიძრა 47 სისხლის სამართლის საქმე რუსი სამხედროების მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.
რუს სამხედროებს ბრალი ედებათ მრავალ სამხედრო დანაშაულში, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმაში და სექსუალურ ძალადობაში. უკრაინაში ქვეყნის ხელისუფლების მიწვევით მუშაობენ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლები. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.