Accentnews.ge
სომხური მხარე მთიანი ყარაბაღის "ფაქტობრივი ბლოკადის" შესახებ იუწყება

სომხური მხარე მთიანი ყარაბაღის "ფაქტობრივი ბლოკადის" შესახებ იუწყება

13/12/2022 13:19:20 კავკასია

მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი ორივე მხრიდან ჩაკეტილად რჩება, - აცხადებენ ყარაბაღის საინფორმაციო შტაბში და დასძენენ, რომ არაღიარებული რეგიონი "ფაქტობრივ ბლოკადაშია" და "აზერბაიჯანის მხრიდან მორიგი პროვოკაციის შედეგად ათასობით მოქალაქის უფლებები ირღვევა".

12 დეკემბრის დილიდან ქალაქ შუშას (სომხური სახელწოდება - შუში) მიდამოებში, რუსი მშვიდობისმყოფელების საგუშაგოს სიახლოვეს საპროტესტო აქცია იმართება. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მიტინგის ორგანიზატორები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან, რომლებიც რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დროებითი დისლოკაციის ტერიტორიაზე "სასარგებლო წიაღისეულის საბადოების უკანონო ექსპლუატაციას" აპროტესტებენ.

ბაქო მოითხოვს, საბადოებში აზერბაიჯანელი სპეციალისტები დაუშვან ვითარების "წინასწარი მონიტორინგისთვის". აქციის მონაწილეებს ასევე რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელობასთან შეხცედრა სურთ.

აქციის ადგილზე კარვებია გაშლილი.

"რადიო აზატუტიუნის" ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო მოქალაქეები, რომლებიც ყარაბაღში სომხეთიდან მიემგზავრებოდნენ, იძულებულები გახდნენ, ღამე გორისში გაეტარებინათ, მათმა ნაწილმა კი, მათ შორის - ქალებმა და ბავშვებმა, ღამის საათები ლისაგორში (აზერბ. - თურშსუ) გაატარეს.

ყარაბაღის ლიდერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 13 დეკემბერს არაიკ არუთუნიანის თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც "აზერბაიჯანის მიერ არცახის [არაღიარებული მთიანი ყარაბაღის - რედ.] გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი დერეფნის ბლოკირების შედეგად შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება" განიხილეს. "ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხსენებული დერეფნის გამართული მოქმედება გარანტირებულია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი (აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი) განცხადებით, რომლის დებულებები მორიგ ჯერზე ირღვევა აზერბაიჯანული მხარის მიერ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, წერილობით მიმართოს რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელობას დერეფნის სრულიად მიუღებელ ბლოკირებასთან დაკავშირებით, რომელიც რესპუბლიკაში ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. არცახის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად", – ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზეც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უძღვებოდა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ამას რაიმე პოზიტიური შედეგები არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S