
9 წლის შემდეგ დამდგარი განაჩენი: მოზარდის გაუპატიურებისთვის ბიძას 12 წელი მიუსაჯეს
13/12/2022 15:01:40 სამართალი
არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას სასამართლომ თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა,– იუწყება “თანასწორობის მოძრაობა”, რომელსაც დაზარალებულმა 2022 წლის მარტში, 21 წლის ასაკში მიმართა.
ორგანიზაციის ცნობით, ქალი აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
“საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე დროის პერიოდში ბრალდებული სისტემატურად, ძალადობითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და სექსუალური ხასიათის შეღწევას”, — აღნიშნავს “თანასწორობის მოძრაობა”.
ორგანიზაციის ცნობით, ბრალდებული გონივრულ ვადაში დააკავეს. მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 2012 წელს მიღებული ამნისტიის კანონის ძალით, სასჯელი 1/4-ით, 12 წლამდე შეუმცირდა:
“განაჩენი 9 წლის შემდეგ დადგა. ბენეფიციარს გაეწია სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაცია, საქმეში ჩაერთო მულტი-გუნდი ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მონაწილეობით”.