
ევროკავშირის საბჭო: "მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და პრიორიტეტების სრულიად შესრულება"
13/12/2022 15:19:37 ევროპა, პოლიტიკა
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს "რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულიად შესრულება, რომლებიც ევროკომისიის დასკვნაშია განსაზღვრული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად".
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახსოვთ 2022 წლის 23 ივნისს მათ მიერ მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსი მისცეს უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს – ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზაობა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც წევრობის განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები იქნება დაკმაყოფილებული.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ 2023 წელს რეგულარული გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისია მოწვეული იყო შესაბამისი წევრობის განცხადებების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებებში ჩამოთვლილი პირობების შესრულების თაობაზე ანგარიშების წარსადგენად. თუმცა, ამ რეგულარული მოხსენებების მიუხედავად, ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისია განახლებულ მოხსენებას წარადგენს.
“საბჭო აცნობიერებს საქართველოს მიერ მისი რეფორმების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც აღნიშნული იყო 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 სხდომაზე.
საბჭო აქცენტს აკეთებს საქართველოსთან ევროკავშირის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე”, - წერია განცხადებაში.