
ბრიტანელმა სამხედროებმა პირველად დაადასტურეს უკრაინაში "ფარულ ოპერაციებში" მონაწილეობა
13/12/2022 16:17:35 ევროპა
ბრიტანთში პირველად დაადასტურეს უკრაინაში "ფარულ ოპერაციებში" მონაწილეობა. დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ მაგოუენმა პირველად ისაუბრა „ფარულ ოპერაციაზე“, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრიტანელი სამხედროები ბრიტანელი დიპლომატების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ The Times წერს.
როგორც განიმარტა, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში 350 ჯარისკაცი გაიგზავნა, რათა მათ დახმარება გაეწიათ საელჩოს პერსონალისთვის პოლონეთში ევაკუაციის პროცესში. ისინი აპრილში დაბრუნდნენ კიევში ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელმაც უკრაინის დედაქალაქში აღადგინა მუშაობა.
„ორივე ფაზის განმავლობაში საზღვაო ქვეითებმა მხარი დაუჭირეს სხვა ფარულ ოპერაციებს უაღრესად მგრძნობიარე და მაღალი დონის პოლიტიკური და სამხედრო რისკების გარემოში“, - ამბობს თავის სტატიაში გენერალ-ლეიტენანტი მაგოუენი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
აპრილში The Times წერდა, რომ ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახურის სამხედროებმა რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ განაახლეს სამხედრო წვრთნა უკრაინაში, თუმცა ბრიტანულმა მხარემ ეს ოფიციალურად არ დაადასტურა.
დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების წარმომადგენელმა The Times-თან აღნიშნა, რომ საზღვაო ქვეითები განლაგდნენ უკრაინაში "ქვეყანაში ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის მხარდასაჭერად" და "არ ასრულებდნენ რაიმე საბრძოლო ფუნქციას".
ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში 2014 წელს ყირიმში რუსეთის შემოჭრის შემდეგ გაიგზავნენ. 2022 წლის თებერვალში ისინი გაიყვანეს უკრაინიდან რუსულ ჯარებთან პირდაპირი შეტაკების პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა გაგზავნა კიბერუსაფრთხოების ექსპერტები უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სამინისტროების დასაცავად. ისინი თებერვლიდან მუშაობენ დისტანციურად და ეხმარებიან კიბერშეტევების თავიდან აცილებაში.