
პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
13/12/2022 16:53:17 სამართალი
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე 24 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ ორი პირი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, 22 წლის ბ.გ. და 25 წლის ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, „ასევე, ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ სკრინები (ფოტოსურათები) და „ფეისბუკის“ აპლიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით აღნიშნული ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს გამოსძალა თანხა".
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ორივე პირი 29 ნოემბერს ბრალდებულის სახით დააკავა. 30 ნოემბერს დაკავებულ ბრალდებულებს საქართველოს პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით).
სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.