
სტეფანაკერტი რუსეთის სამშვიდობო ძალებს მიმართავს ლაჩინის დერეფნის გახსნის თხოვნით
13/12/2022 18:16:23 კავკასია
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭომ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას მიმართა ლაჩინის დერეფნის გახსნის თხოვნით, რომელიც რეგიონს სომხეთთან აკავშირებს.
მათი თქმით, დერეფნის შეუფერხებელი მუშაობა შეთანხმებულია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით და რომ მისი ჩაკეტვა ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება რეგიონისთვის.
ამჟამად სტეფანაკერტის და გორისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი გადაკეტილია და როგორც იუწყებიან, მთიანი ყარაბაღი სრულ ბლოკადაშია.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ გზა გადაკეტეს ეკოლოგებმა, აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც არ სურთ, რომ მოხდეს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება ქვეყნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბაქო ვერ აკონტროლებს. თუმცა სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ფიქრობენ, რომ საპროტესტო გამოსვლას აზერბაიჯანი აკონტროლებს.
თავის მხრივ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს აზერბაიჯანის მთავრობასთან ავტომაგისტრალზე მოძრაობის აღდგენის მიზნით.
13 დეკემბერს სომხეთში გაიმართა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილეს ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის თემა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა ერევანს მოსთხოვა, „საგნობრივი და ქმედითი“ ნაბიჯების გადადგმა ვითარების მოგვარების მიზნით და გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა.
საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო ვერ აკონტროლებდა რეგიონის ტერიტორიას, მაგრამ ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შედეგად დაიბრუნა კონტროლი რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილსა და იმ რაიონებზე, რომლებიც სომხურ ძალებს ჰქონდათ დაკავებული.
საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ რეგიონში განთავსდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები 5 წლის ვადით.