
მელია სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს
21/05/2019 17:51:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ საუბარს გეგმავს.
როგორც მელია ამბობს, მას სააკაშვილთან კომუნიკაცია არჩევნების შემდეგ არ ჰქონია.
„მიხელ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა ჩვენი პოზიციები. ვფიქრობ, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობის“ მონაგარი და თუ ვინმე უნდა იყოს კმაყოფილი, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილია.
არჩევნების შემდეგ სააკაშვილთან არ მიკონტაქტია. უახლოეს პერიოდში ვაპირებ არა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციას, არამედ მასთან ჩასვლას. მნიშვნელოვანია, რადგან კარზე პრაქტიკულად გადამწყვეტი პერიოდია მომდგარი, სადაც საბოლოოდ ხალხმა პოლიტიკური ბაგირი უნდა გადაუწიოს ბიძინა ივანიშვილს.
ყველაფერზე ვესაუბრები, რაც მოემსახურება ოპოზიციის წარმატებას და პოლიტიკური დევნილების, მათ შორის, მის დაბრუნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, სააკაშვილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციის კონსოლიდაციის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება დროში გაიწელება.
„ჩვენ ჩვენი სიცოცხლე გადავდეთ ბრძოლისთვის, ჩვენ არ ვაკეთებთ უბრალო პოლიტიკას, ეს არის გაშმაგებული ბრძოლა – ან ნათელი მომავალი, ან უკან, წარსულში, რომელსაც ერქვა შევარდნაძის ეპოქა.
ამიტომ, მე თუ შემეშლება, უნდა მიმითითონ, თუ დავდებ ცუდ გეგმას, მითხრან, რომ ეს არ არის ის გეგმა, რომელიც ივანიშვილის ახლა დაამარცხებს და პირიქით“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით მელიამ არჩევნების დღეს თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოლიცია დააფიქსირა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მეტიც, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ საკითხზე პოლიტსაბჭო იმჯელებდა.