
მოსამართლემ პენიტენციურს სააკაშვილის პატიმრობაში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების ადვოკატებისთვის გადაცემა დაავალა
14/12/2022 09:15:49 სამართალი
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გაკეთებული და ამჟამად დაცული ყველა ვიდეოჩანაწერი პენიტენციურმა სამსახურმა გადასცეს დაცვის მხარეს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პენიტენციურ სამსახურს დევალა დაცვის მხარეს გადასცეს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ რა ვიდეოჩანაწერები არსებობს პენიტენციურში, რა არის წაშლილი, ასევე, ნახონ არის თუ არა მათ შორის ის ის კადრებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვისა და წაქცევის ეპიზოდებია ასახული.
ადვოკატი კადრებს მოითხოვს სასჯელაღსრულების მე-12 და მე-18 დაწესებულებიდან, ასევე გორის ჰოსპიტალიდან და კლინიკა „ვივამედიდან“.
მოსამართლის გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, იუსტიციის სამინისტრის პენიტენციურმა სამსახურმა უნდა აღასრულოს.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ თუ არ შეწყდება სიმულაციები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისინი იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ „გარკვეული კადრები“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა.