![ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ვითარება დაძაბულია [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/thumbs_b2_ad638f1839c94299bf34b59977e7e362.jpg)
ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ვითარება დაძაბულია [ფოტო]
14/12/2022 11:23:55 კავკასია
ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვას სერიოზული ჰუმანიტარული შედეგები აქვს და აფერხებს სამშვიდობო პროცესს, –განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, აღადგინოს თავისუფალი მოძრაობა დერეფნის გასწვრივ. წინსვლის გზა მოლაპარაკებაა“, - დაწერა ნედ პრაისმა „ტვიტერზე“.
ამ თემას პრაისი ბრიფინგზეც შეეხო და საკუთარი „ტვიტის“ შინაარსი გაიმეორა:
”ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვას სერიოზული ჰუმანიტარული შედეგები აქვს. ეს აფერხებს სამშვიდობო პროცესს. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, აღადგინოს თავისუფალი მოძრაობა დერეფნის გასწვრივ. წინსვლის გზა არის მოლაპარაკებები.”
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხებამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი "განსაკუთრებით ზამთრის თვეებში". მანამდე არაერთმა სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
„თუ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, მაშინ მიუღებელია მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება“, - თქვა ნედ პრაისმა.
არაღიარებულ მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა კვლავ ჩაკეტილია. სტეფანაკერტი აცხადებს, რომ რეგიონი "ბლოკადაშია და ათასობით მოქალაქის უფლებები ირღვევა აზერბაიჯანის მორიგი პროვოკაციის შედეგად". არსებული ცნობებით, მთიანი ყარაბაღის მთელ რიგ თემებს შეუწყდათ საკვებისა და სხვა აუცილებელი საშუალებების მიწოდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღის ბევრი მცხოვრები, მათ შორის სომხეთში მყოფი ბავშვები, შინ ვერ ბრუნდებიან, ხოლო ყარაბაღის მცხოვრებლები, რომლებსაც სომხეთში მკურნალობა ესაჭიროებათ, ვერ გადაადგილდებიან.
12 დეკემბრიდან ქალაქ შუშას მიმდებარე ტერიტორიაზე – რუსი სამშვიდობოების პოსტთან საპროტესტო აქცია იმართება. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „წიაღისეულის უკანონო მოპოვებას“ ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული. მათ ადგილზე გაშალეს კარვები.
ბაქო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სპეციალისტების დაშვებას ითხოვს სიტუაციის „წინასწარი მონიტორინგისთვის“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „შუშა-ლაჩინის გზა გადაკეტეს არა აზერბაიჯანელმა მომიტინგეებმა, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებულმა რუსმა სამშვიდობოებმა“.
საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო ვერ აკონტროლებდა რეგიონის ტერიტორიას, მაგრამ ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შედეგად დაიბრუნა კონტროლი რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილსა და იმ რაიონებზე, რომლებიც სომხურ ძალებს ჰქონდათ დაკავებული.
საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ რეგიონში განთავსდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები 5 წლის ვადით.
12, ვიდრე ლაჩინის დერეფნის ირგვლივ დაიძაბებოდა ვითარება, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების განხილვის იდეას ერევანს, თბილისსა და ბაქოს შორის, რათა აღმოიფხვრას მტრული რიტორიკა.
„იყო იდეა და, ვფიქრობ, შენარჩუნდა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაღაც ფორმატში დაწყებულიყო დისკუსიები სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს შორის. ეს არ არის ახალი იდეა… მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი მას, მაგრამ მე შევთავაზე ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულა: ეს პლატფორმა, პირველ რიგში, უნდა იქნას გამოყენებული მტრობის რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, - თქვა ფაშინიანმა გლობალურ ფორუმზე „გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ“, რომელმაც სტარტი ერევანში აიღო.
მისი აზრით, სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა გააკეთონ ოფიციალური განცხადება თანამშრომლობაზე თანხმობის შესახებ, რათა გამოირიცხოს მტრული რიტორიკა.
მსგავსი ფორმატის შექმნის თაობაზე ინიციატივით ჯერ კიდევ ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგვიანებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება.