
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა შედგა, გათავისუფლებულებს შორის აშშ–ის მოქალაქეცაა
14/12/2022 11:42:27 ევროპა
ოთხშაბათს უკრაინამ და რუსეთმა მორიგ ჯერზე გაცვალეს ტყვეები. შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 ჯარისკაცი შინ დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„პატიმართა მორიგი გაცვლა. ვაგრძელებთ ჩვენის დაბრუნებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 ჯარისკაცი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით იბრძოდნენ, მათ შორის ბახმუტში, შინ მიდიან. ესენი არიან ოფიცრები, რიგითები და სერჟანტები, ჩვენი გმირები“, - წერს ერმაკი Telegram-ზე.
მისი თქმით, უკრაინაში ასევე გადმოასვენეს ოთხი დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი.
ერმაკმა თქვა, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლეს აშშ-ის მოქალაქეც:
„ჩვენ ასევე მოვახერხეთ აშშ-ის მოქალაქის დაბრუნება, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს დამცველებს - მურეკეზი სუედი“.