
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: "სააკაშვილთან დღემდე 1500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი"
14/12/2022 11:40:16 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ "ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დღემდე 1500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი".
როგორც მან აღნიშნა, "ყოფილ პრეზიდენტს არცერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა".
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიეცა სააკაშვილს დღეს პროცესზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ “პირი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო დაწესებულება შესაბამისად არაა მოწყობილი”.
„ახლა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მასთან დღემდე, 1500–ზე მეტი მნახველი იყო. ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი, არაფერი არაა დასამალი და იმასაც გეტყვით, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობა დეტალურ ინფორმაციას აწვდის როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს, ევროკავშირს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ პირმა სასჯელის მოხდა გააგრძელოს თუ ამის გადავადება მოხდეს. პროცესი ჩანიშნულია იმისთვის, რომ მოსამართლემ დამოუკიდებლად, ზეწოლის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. სამინისტრო, როგორც აქამდე, გააგრძელებს მისი უფლებების დაცვას. მას არცერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა”,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.