
გერმანიის კანცლერი: „პუტინის არც ერთმა გეგმამ არ გაამართლა“
14/12/2022 12:35:27 ევროპა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის არც ერთმა გეგმამ უკრაინასთან დაკავშირებით არ გაამართლა, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტისა და ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.
შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განსახილველი საკითხები ასახავს იმ სიტუაციის სერიოზულობას, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა ევროპის კონტინენტზე.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერმა „არასწორად გათვალა“.
„პუტინს სჯეროდა, რომ მისი ჯარები რამდენიმე დღეში აიღებდნენ უკრაინას, რომ ჩვენ – ევროპასა და დემოკრატიულ დასავლეთში იმდენად ვიყავით დაყოფილები, რომ უკრაინისთვის ეფექტური დახმარების აღმოჩენა არ შეგვეძლო, რომ მას გაზის სარქველების დახურვით შეეძლო ევროპული სოლიდარობის ჩახშობა. მაგრამ პუტინის არც ერთმა გეგმამ არ გაამართლა“, - განაცხადა კანცლერმა.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და ბერლინი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.