Accentnews.ge
აფხაზეთი – რუსული უფსკრულის პირას

აფხაზეთი – რუსული უფსკრულის პირას

14/12/2022 12:58:23 კონფლიქტები

რუსეთს უფსკრულთან მიახლოების შესახებ დიდი ხანია, აფრთხილებდნენ. და არა “გარე და შიდა მტრები”, რომლებიც კრემლმა აუარებელი გამოიგონა, არამედ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები. თუმცა მათაც, ტრადიციისამებრ, მტრებად აცხადებდნენ. და აი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-9 თვისთვის პუტინის “ძლევამოსილი დერჟავა”, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის იმპერიის აღდგენისა და “ერთპოლარული მსოფლიოს შეცვლის” პრეტენზიები გააჩნდა, ერთიანად უფსკრულში გადაეშვა.

როგორც აღმოჩნდა, თითქმის სრულად იმპორტდამოკიდებული რუსული ეკონომიკა, რომელსაც სახელდახელოდ დაუპირეს სამხედრო ლიანდაგზე გადაყვანა, კარტის სახლივით იშლება. იმპორტჩანაცვლებამ, რომელზეც კრემლი ესოდენ დიდ იმედებს ამყარებდა, სრული კრახი განიცადა. დასავლური სანქციების შიშით სულ უფრო მეტი პარტნიორი ქვეყანა აცხადებს უარს რუსულ ენერგომატარებლებზე, მიუხედავად არნახული ფასდაკლებებისა, რომლებმაც ბოლო თვეებში ყველა რეკორდი მოხსნა. არადა, რუსეთის შემოსავლების ამ ერთ-ერთი მთავარი წყაროს კუთხით ყველაზე მძიმე სანქციები ჯერ კიდევ წინაა. “ნაწილობრივი” სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება და ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივი გაქცევა კიდევ უფრო ამძიმებს სამუშაო ძალის დეფიციტს, რომელმაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებლს მიაღწია, ხოლო ქვეყნიდან სპეციალისტების გადინება – რუსეთის ისედაც არასახარბიელო სამომავლო პერსპექტივას.

და რისთვის ეს ყველაფერი? რუსეთი ხომ, უკვე 100 000-ზე მეტი დაღუპულისა და დაჭრილის მიუხედავად, სამარცხვინოდ მარცხდება. და არა რაღაც “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, არამედ მის მიერ წამოწყებულ, უპირველესად მისთვისვე დამღუპველ ომში. და არა “სახალხოში” ან “სამამულოში”, როგორადაც ბოლო დროს ამ ომის გასაღებას კრემლელი პროპაგანდისტები ცდილობენ, არამედ დამპყრობლურში იმ სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ, რომელიც იმპერიალისტებისთვის მეტისმეტად კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. და ომში არა “კოლექტიურ დასავლეთთან”, როგორც რუსი პროპაგანდისტები ირწმუნებიან, არამედ ევროპის მართალია, ყველაზე მსხვილ, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთ სახელმწიფოსთან – უკრაინასთან, რომელმაც მედგრად იტვირთა თავის მხრებზე აბსოლუტურ ბოროტებასთან ბრძოლა - როგორც საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად, ისე რუსეთის ყველა იმ მეზობელი და არა მარტო მეზობელი ქვეყნის მშვიდი მომავლისთვის, რომელთაც ამ ბოროტებამ წარსულში უკვე გადაუარა და შეეძლო, გადაევლო მომავალშიც. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ კი, იხილა რა ეს აბსოლუტური ბოროტება უკვე ევროპის გულში, ამჯერად, როგორც იქნა, გადაწყვიტა, დაჰხმარებოდა თავდასხმის მსხვერპლს არა მარტო სიტყვიერად, არამედ საქმითაც და დიახ, მნიშვნელოვან დახმარებას უწევს უკრაინას იარაღით, ფინანსებით, სანქციებით, მაგრამ არა ცოცხალი ძალით. თუმცა ცოცხალი ძალა, თუ 9 თვის შედეგებით ვიმსჯელებთ, საჭიროც არაა: რუსეთმა ხომ უკვე დაიწყო მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების იძულებითი დაბრუნება და ახლა კრემლი დილემის წინაშეა: რა ნაკლებ საშიში იქნება მისთვის – აღიაროს ანექსია შეცდომად, თუ რუსეთის “ძლევამოსილება” - ბლეფად?

ამ დილემისა და ზოგადად იმ ჩიხის დემონსტრირებად, რომელშიც პუტინის რუსეთმა თავად მოიმწყვდია თავი, იქცა კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის - ვლადიმირ სოლოვიოვის ამასწინანდელი ეთერი ცნობილი რუსი დეპუტატის - კონსტანტინე ზატულინის მონაწილეობით. მათ შორის გაჩაღებული პოლემიკა ნათლად წარმოაჩენს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, რუსეთის მიერ არა მარტო საერთაშორისო, არამედ საკუთარი კანონმდებლობის დარღვევასაც, კერძოდ – იმ ფაქტს, რომ ანექსიასთან დაკავშირებული ამასწინანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები კრემლს საკუთარი სამხედრო დოქტრინის დარღვევასაც კი აიძულებს.

ამასობაში რუსეთი უკვე ოფიციალურადაა აღიარებული ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად, პუტინის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ჰორიზონტზე საერთაშორისო ტრიბუნალის გზით გასამართლების სრულიად რეალური პერსპექტივა გამოჩნდა, რუსეთის დამოუკიდებელი საექსპერტო საზოგადოება კი სულ უფრო აქტიურად საუბრობს ქვეყნის მოახლოებულ დაშლაზე. ყალმუხებმა ხომ უკვე მიიღეს დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია და “დამოუკიდებლობის დასაცავად ბრძოლისთვის” მზადებაც დაიწყეს. რიგშია ფედერაციის კიდევ რამდენიმე სუბიექტიც.

კრემლის მიმართ მათი მრავალი პრეტენზიიდან ერთ-ერთი ფაშისტურ იდეოლოგიაში მდგომარეობს. “მმართველობის 22 წლის განმავლობაში პუტინმა რუსეთი სრულფასოვან ფაშისტურ ქვეყნად აქცია. ფაშიზმის ყველა ნიშანი სახეზეა: უკიდურესი ავტორიტარიზმი; სახელმწიფოს მოწყობა კორპორაციის მსგავსად, სადაც ყველა სახელისუფლებო შტო (საკანონმდებლოს და სასამართლოს ჩათვლით) უზენაესი მმართველის მიერ იმართება; ერთი ერის დანარჩენებზე ზეობის იდეა; ახალი ტერიტორიების დაპყრობისკენ სწრაფვა; ტოტალური პროპაგანდა, რომელიც არწმუნებს მოსახლეობას, თითქოს ქვეყანა მტრების ალყაშია; ნებისმიერი ოპოზიციის, განსხვავებული აზრის, სიტყვის თავისუფლების განადგურება და ა.შ. […] საბედნიეროდ, რუსეთის ისტორიის პუტინისეული პერიოდი დასარულს უახლოვდება. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ამას აცნობიერებს პუტინის უახლოესი გარემოცვაც. პირდაპირ ვთქვათ: რუსი დიქტატორის ბედი ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია. და ის, როგორც ჩანს, ამას თავადაც ხვდება” – წერენ დამოუკიდებელი რუსი ანალიტიკოსები.

რა გასაკვირია, რომ მთელი მსოფლიო, რამდენიმე დიქტატორული რეჟიმის (ბელარუსული, ირანული, ჩრდილოეთკორეული) გამოკლებით, თავს არიდებს პუტინის რეჟიმის არათუ ღია მხარდაჭერას, მასთან ურთიერთობასაც კი და გაურბის, როგორც კეთროვანს. მასთან ურთიერთობები ტოქსიკურად იქცა იმ ქვეყნების ლიდერებისთვისაც კი, რომელთაც მოსკოვი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ “სანდო უმცროს პარტნიორად მიიჩნევდა. ეს სიახლე უკვე არაერთგზის წარმოჩინდა ბოლო დროის სხვადასხვა სამიტებზე, მათ შორის – ნოემბრის ბოლოს ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) წევრი ქვეყნების ლიდერების მორიგ შეხვედრაზე ერევანში. პრეზიდენტ პუტინს, რომელიც სომხეთს ყარაბაღის 2020 წლის 44-დღიანი ომის დროიდან პირველ ვიზიტად ეწვია, დახვდნენ ლოზუნგებით “პუტინი მკვლელია! დიდება უკრაინას!”. სომხური ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “სომხეთისადმი არამეგობრული და მეტიც, მტრული ქვეყნების ლიდერების ვიზიტებს სათანადო წინააღმდეგობა უნდა შეხვდეთ”. პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა კი უარი განაცხადა შემაჯამებელი დეკლარაციის ხელმოწერაზე იმ მოტივით, რომ რუსეთი და ОДКБ “თავს არიდებენ აზერბაიჯანთან კონფლიქტში სომხეთის მხარდაჭერის ვალდებულების შესრულებას”. თავის დროზე რუსეთის ინიციატივით ჩამოყალიბებული და მოქმედი ამ ორანიზაციის შიგნით მომწიფებული უთანხმოებები საჯარო სივრცეში გადმოიფრქვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი სამომავლო არსებობა. პუტინის რეჟიმის ინიციატივით ნებისმიერი ახალი კავშირისა თუ ბლოკის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე ხომ საუბარიც ზედმეტი გახდა.

და აი, ამ რეალობაში უწინდელზე მეტი მონდომებით უმტკიცებს მოსკოვს ერთგულებას აფხაზეთის მმართველი გუნდი. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ ამასწინათ კვლავ განაცხადა, რომ “რუსეთის ფედერაციასთან დაახლოების ვექტორი ურყევია და უალტერნატივო”. “საგარეო საქმეთა მინისტრი”, კრემლის შეგირდი ინალ არძინბა კი კვლავინდებურად ურევს მოსახლეობას ტვინს ზღაპრებით რუსულ საინტეგრაციო პროექტებში (დაშლის პირას მყოფ ОДКБ-სა და მკვდრადშობილ “რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში”) ინტეგრაციის “პერსპექტიულობის” თაობაზე, რასაც ბოლო დროს “ირანთან დაახლოების პერსპექტიულობის” შესახებ ნარატივიც დაამატა. ამასთან, მმართველი გუნდის წარმომადენლები ცდილობენ, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ “აფხაზეთს არ ძალუძს, დამოუკიდებლად შეინარჩუნოს საკუთარი სუვერენიტეტი და ამდენად, იგი რუსეთის ფედერაციას უნდა გაუნაწილოს”.

მსგავსი პოლიტიკის საპირწონედ 22 ნოემბერს აფხაზეთში ჩამოყალიბდა “ფართო პოლიტიკური პლატფორმა”, რომელიც პოლიტიკოსების ახალ თაობასა და საზოგადო მოღვაწეებს აერთიანებს. თავის მანიფესტში ისინი აკრიტიკებენ ასლან ბჟანიას გუნდს სწრაფვისათვის, “უწილადოს [რუსეთს – რედ.] ბუნებრივი, ტერიტორიული, ენერგეტიკული და სხვა აქტივები”. სწორედ ასე აღიქვამენ ხელმომწერები დე ფაქტო მთავრობის შეთანხმებას რუსეთის საკუთრებაში ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემის შესახებ, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებს მოსკოვისთვის აფხაზური ენერგოსისტემის გადაცემისა და მედიისა და NGO-სექტორის წარმომადგენლების “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადების თაობაზე, ისევე, როგორც “საკუთარი დღის წესრიგის აბსოლუტურ არქონას საგარეო პოლიტიკის, დემოგრაფიისა და სხვა კუთხით, რეპატრიაციის პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას, ჯარში არსებული რეალური ვითარების იგნორირებასა და სხვა დანარჩენს”. ხელმომწერები დარწმუნებულები არიან, რომ “თანამედროვე მსოფლიოს პირობებში რეფორმების არარსებობა საფრთხეს უქმნის ქვეყანასა და ხალხს, ხოლო ჩამორჩენა განვითარებაში არა მარტო სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ, არამედ თავად აფხაზი ხალხის არსებობასაც”. “იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველმა პოლიტიკურმა კლასმა დაკარგა აფხაზური სახელმწიფოს პროექტის განხორციელებადობის რწმენა და გეგმავს, მხოლოდ ფორმალურად ატივტივოს იგი ზედაპირზე საერთო სახალხო აქტივების გასხვისების ხარჯზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ამ გეგმის რეალიზებას! კატეგორიულად არ ვეთანხმებით თეზისს, თითქოს ჩვენს ხალხს არ შესწევს უნარი, საკუთარი პრობლემები თავად აგვაროს. დარწმუნებულები ვართ, მსგავსი მიდგომების გამტარებლებს მორალური უფლება არ აქვთ, ქვეყნის სათავეში იდგნენ”, – ნათქვამია მანიფესტში.

ახალი პლატფორმის მიზნებად “ეროვნული აქტივების შენარჩუნება, პოლიტიკური სისტემის რეფორირება, ხელისუფლებაში ახალი თაობის მოსვლა, აფხაზეთის, როგორც სუვერენული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება” დასახელდა.

რა გამოვა ამ წამოწყებიდან – დრო გვიჩვენებს. მაგრამ ეს დრო არც ისე ბევრია.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S