
სავარაუდოდ, მელიტოპოლში გადავა ფრონტის შემდეგი ხაზი - NYT
14/12/2022 14:07:29 ევროპა
დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის განთავისუფლება შესაძლოა, იყოს „შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ სამხრეთ უკრაინის დეოკუპაციის პროცესში,– წერს The New York Times.
„უკრაინა აძლიერებს ძალისხმევას რუსული ძალების იზოლირებისა და გამოფიტვისთვის სტრატეგიულ ქალაქ მელიტოპოლში და მის გარშემო მოვლენის წინ, რომელიც, როგორც მოელიან, ომის შემდგომ მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა – უკრაინის შეტევა რუსული ჯარების სამხრეთ უკრაინიდან განდევნის მიზნით“,– წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმებს და დივერსიულ აქტივობებს, რათა აკონტროლონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ორი მაგისტრალის გზაჯვარედინზე და რკინიგზის ხაზზე, რომელიც აკავშირებს რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან სამხრეთ უკრაინაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მელიტოპოლი არის მთავარი ცენტრი და მასზე კონტროლის აღდგენა შეიძლება, დაეხმაროს უკრაინელ დამცველებს კონტროლის აღდგენაში არა მხოლოდ ზაპოროჟიეს მთელ რეგიონზე, რომელიც ამჟამად ნაწილობრივაა ოკუპირებული, არამედ მეზობელი ხერსონის რეგიონზეც, რომელსაც ასევე ნაწილობრივ აკონტროლებენ რუსული ჯარები: „მას პოტენციურად შეუძლია, გზა გაუხსნას რუსული ჯარების ანექსირებულ ყირიმში დაბრუნებას“.
10-11 დეკემბერს მელიტოპოლში სამ ობიექტზე განხორციელდა თავდასხმები. ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ განადგურებულია რუსული საგუშაგო და სარადარო სადგური. გარდა ამისა, დაიბომბა მელიტოპოლის მახლობლად მდებარე კომპლექსი, სადაც რუსეთის სპეცსამსახურის ანალიტიკური დანაყოფი იყო ბაზირებული.
.