
NATO - მივესალმებით საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების ყველა ნაბიჯს, რომელიც, მათ შორის პორტების განვითარებას ითვალისწინებს
15/12/2022 07:03:10 პოლიტიკა
NATO–ში აცხადებენ, რომ მიესალმებიან საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომელიც, მათ შორის პორტების განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ "აქცენტს" ალიანსში განუცხადეს.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ეს მოიცავს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა საპორტო ობიექტები შავი ზღვის სანაპიროზე", – განუცხადეს "აქცენტს" NATO–ში.
ამასთან, ალიანსი აღნიშნავს, რომ მზად არის, მეტი გააკეთოს საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად:
"NATO–ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშე დგას და ნატო მზადაა, მეტი გააკეთოს მათი მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" საფუძველზე, მათ შორის სიტუატიური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში, ასევე დავეხმარებით საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფით".
ცნობისთვის: 2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა მუშაობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების განახლებულ გეგმაზე, რომლის თანახმად, პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 51%–ით განისაზღვრება.