
NATO: "ალიანსი მზადაა, მეტი გააკეთოს საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად"
15/12/2022 07:09:11 პოლიტიკა
NATO–ს განცხადებით, "ის მზადაა, მეტი გააკეთოს საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად". ამის შესახებ "აქცენტს" ალიანსში განუცხადეს.
"NATO–ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშე დგას და ნატო მზადაა, მეტი გააკეთოს მათი მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" საფუძველზე, მათ შორის სიტუატიური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში, ასევე დავეხმარებით საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფით", – განუხადეს "აქცენტს" NATO–ში.