
სააკაშვილის ადვოკატი: "იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციურის წინააღმდეგ საჩივარი შეგვაქვს"
15/12/2022 07:56:06 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილისთვის კადრების გასაჯაროებაზე ნებართვა არავის აუღია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ მოიპოვა იუსტიციის მინისტრმა ეს კადრები.
"ნებისმიერი კადრების გასაჯაროების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირისგან, ვის კადრებსაც ასაჯაროებენ. ისინი უნდა მოსულიყვნენ კლინიკა ვივამედში და ბატონი სააკაშვილისგან აეღოთ უშუალოდ ნებართვა. ასეთი რამ განხორციელებული არ ყოფილა. ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რაც გათვალისწინებულია გარკვეულწილად ადმინისტრაციული წესით და გარკვეულწილად სისხლის სამართლებრივად დანაშაულია. ეს კონკრეტული ქმედება გახლავთ სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ამიტომ, მივმართავთ როგორც პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყონ გამოძიება. უკვე მესამე შემთხვევა იყო სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მისი ნებართვის გარეშე... საჩივარი შევა იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, დაიწყოს გამოძიება გაარკვიონ, რა მოხდა. რატომ არ მოხდა პროცესზე სააკაშვილის გადმოყვანა და მეორე - რანაირად მოხვდა ეს კადრები იუსტიციის მინისტრის ხელში. ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
14 დეკემებერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა.