
ღარიბაშვილი: "საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სანიმუშო პარტნიორობით ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას"
15/12/2022 08:44:29 პოლიტიკა
"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სანიმუშო პარტნიორობით ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა მართლაც უნიკალურია და გამოცდილია ბოლო წლების განმავლობაში. ასევე საუკუნეების განმავლობაში გვაქვს ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს, რაც იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენ შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და მეგობრობა, რაც კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას, რაც ჩვენი საერთო მიზანი და სურვილია, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.