
მედია – ახალქალაქში ქალს საჩუქრის ყუთით ასაფეთქებელი გაუგზავნეს
15/12/2022 12:25:19 სამართალი
ახალქალაქში ე.წ სამხედრო დასახლებაში მდებარე N500 კორპუსში მცხოვრებ ი. მ.–ს სახლში აფეთქება მოხდა, – იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".
როგორც მისი მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, ასაფეთქებელი ნივთიერება საჩუქარში იდო.
„დიდი ხმა იყო თავიდან გვეგონა, რომ გაზი აფეთქდა ან წვრთნები იყო, მაგრამ როგორც ახლა ამბობენ, გაზი არაფერ შუაშია. იმხელა აფეთქება იყო, რომ ორივე ფანჯარა ჩაიმსხვრა“ , –ამბობენ ადგილობრივები.
„სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ი.–მ გვითხრა, რომ გაზი არ არის, ეს ერთი აფეთქება იყო და მეტი არ იქნებაო. არ ვიცი რა იყო მაგრამ, რაღაც ძლიერი აფეთქდა, მე მის ზემოთ ვცხოვრობ და ჩემი სახლიც დაზიანდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ–ერთი ადგილობრივი სურიკ ღაზარიანი.
ი. მ.–ს ოჯახის ერთ–ერთი ახლობელი აცხადებს, რომ აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეზობელს ი.–ს სახლის კართან, სასაჩუქრე ყუთი დაუნახავს, რომელიც მოგვიანებით ი.–მ სახლში შეიტანა:
„ი. ჩემთან შეიყვანეს სახლში, შეშინებული იყო დაზიანებები არ ჰქონდა. მეზობელს დაუნახავს, რომ კარებთან იდო საჩუქრის ყუთი, შამპანურები და ტორტი ყოფილა. ი.–მ როგორც პოლიციელებს მოუყვა, ყუთი რომ გაუხსნია იქ ყოფილა კიდევ რაღაც შეხვეული. არ ვიცი რა იფიქრა, ვიღაცისთვის დაურეკავს შიგნით კიდევ მწვანე რაღაც დევსო. ეს ოთხში დასარეკად გასულა, ამ დროს სამზარეულოში აფეთქებულა“.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.