Accentnews.ge
"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოს დავა სტრასბურგში მოუგეს

"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოს დავა სტრასბურგში მოუგეს

15/12/2022 13:31:16 სამართალი

„არა პანორამას“ აქციის 7-მა მონაწილემ საქართველოს სტრასბურგში დავა მოუგო. საქმე ეხება 2015 წლის 19 ივლისის აქციას, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

ევროსასამართლო აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების უფლება) დარღვევას, მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) გათვალისწინებით. შედეგად, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაევალა, თითოეულ მომჩივანს გადაუხადოს გადაწყვეტილების ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში: 40 ევრო მატერიალური ზიანისთვის [ადგილობრივი სასამართლოს მიერ დაკისრებული 100-ლარიანი ჯარიმა] და 1000 ევრო მორალური ზიანის გამო.

2015 წლის 19 ივლისს თბილისის საკრებულოს წინ „თბილისი პანორამას“ პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ეჭირა ბანერები, რომელზეც გამოსახული იყო "არა პანორამას!", "სოლოლაკის გორა თბილისის მთავარი იდენტობაა!" და "ჩვენ არ გავჩერდებით!". ერთ-ერთ მონაწილეს და მომჩივანს ეჭირა ბანერი წარწერით “პანორამა არა, *ლე!”). სტრასბურგი თავის გადაწყვეტილებაში აღწერს, რომ აქციის მონაწილე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ამ შინაარსის ბანერით მოძრაობა დაიწყო თბილისის საკრებულოს შესასვლელთან, სადაც გამვლელების ყურადღებას იქცევდა.

დაკავების ოქმის მიხედვით, იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, უხამსი სლოგანით ბანერის დაჭერის გამო, უწესო ქმედებებისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ჩანაწერში ასევე აღნიშნული იყო, რომ ის იმავე ფრაზას სკანდირებდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ. მის დაკავებას მოჰყვა სოლიდარობის აქტი. დანარჩენმა ექვსმა მომჩივანმა მაშინვე დაწერეს ფურცლებზე იგივე სლოგანი და დემონსტრაციულად დაიწყეს ამ ბანერების ფრიალი პოლიციის წინაშე.

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით.

მომჩივნების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S